სადისციპლინო-ტექნიკური კომისიის გადაწყვეტილება
“ჰიუნდაის” 20-წლამდელთა გუნდის 2 მოთამაშე – თორნიკე ჟორჟოლიანი და გუგა ძიძიგური კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სადისციპლინო-ტექნიკურმა კომისიამ 10-10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება დისციპლინარებმა იმ ჩხუბის გამო მიიღეს, რომელიც 25 იანვარს რუსთავში მოხდა და რომელშიც აღნიშნული მოთამაშეები მონაწილეობდნენ.
ინციდენტი 25 იანვარს, “რუსთავი” – “ჰიუნდაის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩზე მოხდა. შეხვედრა დასასრულს უახლოვდებოდა, როცა “ჰიუნდაისა” და “რუსთავის” მოთამაშეებს შორის ჩხუბი ატყდა. ინციდენტის მოთავე ჰიუნდაელი ჟორჟოლიანი იყო, რომელიც რუსთაველ კალათბურთელს მუშტით გაუსწორდა, ხოლო გუგა ძიძიგურმა რუსთაველ გიგი გოგობერიშვილს, რომელიც გაშველებას ცდილობდა, ჩხუბი აუტეხა.
აღნიშნულის შესახებ ფედერაციის სადისციპლინო-ტექნიკურმა კომისიამ იმსჯელა და ჟორჟოლიანსა და ძიძიგურს, როგორც თავშივე აღვნიშნეთ, 10-10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუტანა. რაც შეეხება გიგი გოგობერიშვილს, მან ფედერაციის დისციპლინარებისგან გაფრთხილება მიიღო.
gbf.ge