საკალათბურთო „დინამომ“ ზედიზედ მეორედ წააგო, „მგზავრებმა“ „სოხუმს“ აჯობეს
დღეს ახალმა სპორტის სასახლემ სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩებს უმასპინძლა.
პირველი მატჩი თბილისის „დინამოსა“ და „ოლიმპს“ შორის შედგა, რომელიც „ოლიმპის“ გამარჯვებით დასრულდა.
საწყის წუთებში „დინამომ“ სამქულიანი ჩააგდო, ორ წუთში კი „ოლიმპმა“ მეტოქეს ასევე სამქულიანით უპასუხა. შედეგად, ანგარიში 3:3 იყო. პირველი ათი წუთის ბოლო უკეთესი კაზანჯიანის გუნდი გამოდგა, რომელმაც მეოთხედი ანგარიშით 17:10 მოიგო. ამ პერიოდში საუკეთესო „ოლიმპის“ მხრიდან ჯერემი ბაინუმი იყო, „დინამოდან“ კი 3-3 ქულა ერთდროულად შარაბიძემ, მაკალპინმა და მაჩალაძემ დააგროვეს.
მეორე მეოთხედი კვლავ ორივე გუნდის სამქულიანით დაიწყო. სათქმელია, რომ დიდი შესვენების წინ 34 წამით ადრე „დინამო“ 4 ქულით აგებდა და შეტევაში ბურთი დაკარგა, რის შემდეგაც დარჩენილ დროში „ოლიმპმა“ 4 ქულა ჩააგდო და მესამე მეოთხედის წინ 34:26 იგებდა.
მესამე პერიოდში მაყურებლებმა თითქოს სხვა „დინამო“ იხილეს – წინა ორ მეოთხედთან შედარებით ხოშტარიას გუნდმა მშვენივრად ითამაშა და დაწინაურდა კიდეც. მეოთხედის დასრულებამდე 6 წუთითა და 43 წამით ადრე კაზანჯიანმა წუთშესვენება აიღო და, თითქოს, „ოლიმპი“ თამაშში ახლა უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ბოლო ათ წუთის წინ „დინამო“ 49:43 იგებდა.
ბოლო მეოთხედში კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და თამაშში კვლავ „ოლიმპი“ დაბრუნდა. ბოლო წუთებში „დინამოს“ ვერაფერი გამოსდიოდა, მისი მეტოქე კი ქულას-ქულაზე აგროვებდა. საბოლოოდ, „ოლიმპელებმა“ იმდენი მოახერხეს, რომ შეხვედრა 67-55 მოიგეს.
„დინამო“ – „ოლიმპი“55-67 (10-17, 16-17, 23-9, 6-24)
სხვა მატჩების შედეგები:
„რუსთავი“ – „აკადემია“ 95-75
„მგზავრები“ – „სოხუმი“ 92-88