სანაძის “სან დიეგომ” სან ფრანცისკოში 57:56 გაიმარჯვა
დუდა სანაძის „სან დიეგომ“ სტუდენტური ლიგის პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო. „ვესტ ქოუსთის“ კონფერენციის ჩემპიონატში საწყისი 2 მარცხის შემდეგ სანდიეგოელებმა კალიფორნიულ დერბიში სტუმრად „სან ფრანცისკო“ დაამარცხეს. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო წამებზე, სანაძის გუნდის სასარგებლოდ გადაწყდა – 57:56.
ქართველი უკანახაზელი ბoლო წუთებზე მოვლენების ეპიცენტრში იყო. მცირექულიან მატჩის ბოლო წამებზე სანაძემ 2 საჯარიმო ააცილა, თუმცა მანამდე, 2 წუთით ადრე დუდამ მნიშვნელოვანი ორქულიანი ჩააგდო და „სან დიეგო“ 55:51 დააწინაურა.
დუდა რომ საჯარიმოს ხაზე დადგა, „სან დიეგო“ 57:56 იგებდა და დასრულებამდე 5 წამი იყო დარჩენილი. აცილებული საჯარიმოების შემდეგ სანფრანცისკოელებს შეტევის გონივრულად დასაგეგმად დრო არ ჰქონდათ და ეს ვერც მოახერხეს. მასპინძელმა მეტ გლოვერმა აცილებული საჯარიმო კი მოხსნა, მაგრამ მეტოქის ფარისკენ თავქუდმოგლეჯით დაძრულმა ბურთი და გამარჯვების შანსი ერთდროულად დაკარგა.
სანაძე სათადარიგო იყო და მოედანზე 17 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 8 ქულა ჩააგდო და ამ მაჩვენებლით სანდიეგოელთაგან მხოლოდ კრისტოფერ ანდერსენს ჩამორჩა, რომელმაც 9 ქულა მიითვალა. სანაძემ 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 სამიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი ააცილა. 8 ქულასთან ერთად დუდას 5 მოხსნაც ჰქონდა, 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი არ დაუკარგავს.
1 მოგებითა და 2 მარცხით „სან დიეგო“ „ვესტ ქოუსთის“ 10-გუნდიან კონფერენციაში მე-7 ადგილზეა. მომდევნო მატჩს სანაძის გუნდი 3 იანვარს, სტუმრად „სანტა კლარასთან“ გამართავს.
gbf.ge