სანიკიძეს “სტრასბურთან” საევროთასო მატჩში ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა
ვიქტორ სანიკიძეს ცოტა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. მისი გუნდი, რომელიც ევროლიგის პირველი ჯგუფური ეტაპიდან ვერ გავიდა, ევროთასზე გადაინაცვლა და 7 იანვარს პირველი მატჩი საფრანგეთში, „სტრასბურთან“ გამართა. ამ მატჩში სანიკიძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა კარგი გარჯა გამარჯვებით არ დაუფასდა – „უნიკსმა“ 61:72 წააგო.
სანიკიძე სათადარიგო იყო და მოედანზე 18:20 წუთით იმყოფებოდა. ეს არცთუ ბევრი დრო მას ეყო, თავის გუნდში საუკეთესო შედეგი ეჩვენებინა. ვიქტორმა 10 მოხსნა, 9 ქულა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 3 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
სანიკიძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15 შეადგინა, რაც „უნიკსში“ საუკეთესო იყო. 13 ქულა ჰქონდა უნიკსელ კერტის ჯერელსს, თუმცა სხვა ღირებული მას არაფერი გაუკეთებია.
მომდევნო ტურში, 14 იანვარს, „უნიკსი“ ჩეხურ „ნიმბურკს“ უმასპინძლებს. მეოთხე გუნდი „უნიკსის“ ჯგუფში რუსული „ზენიტია“.
gbf.ge