სანიკიძის 11 ქულა და საშინაო მარცხი პრინციპულ მეტოქესთან
ესპანეთის პრიმერადივიზიონში პრინციპული მატჩი წააგო ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ”. აღმავლობის გზაზე მდგარი არაგონული გუნდი 2 კვირის წინ გიორგი შერმადინმა დატოვა, რომლის პოზიცია ჰოლანდიელმა ცენტრმა ჰენკ ნორელმა დაიკავა. ჰოლანდიელს ცუდად არ უთამაშია, თუმცა “სარაგოსამ” შინ ცხრილში ერთი საფეხურით მაღლა მყოფ კანარიულ “ჰერბალაიფთან” 77:82 წააგო.
სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27:37 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ვიქტორმა მთლიანობაში მოგროვებულ 11 ქულას 2 მოხსნა, 2 პასი, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
ცენტრის პოზიციაზე გამწესებულმა ჰენკ ნორელმა 24 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი დააგროვა, რითაც მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. სანიკიძესა და ნორელს შორის შედეგიანობით 17 ქულის მომგროვებელი იონ სტეფანსონია. კანარიელთაგან ბენ ჰანსბრო (14 ქულა) და ესპანეთის ნაკრების წევრი ხავი რეი (13) გამოირჩნენ.
13 მოგებითა და 9 წაგებით “სარაგოსა” მე-6 ადგილზე რჩება. ამ პოზიციაზე სანიკიძის გუნდი მყარადაა – 2 ქულით უსწრებს “ლაბორალს” და ამდენივეთი ჩამორჩება “გრან კანარიას”. მომდევნო ტურში – 16 მარტს, “სარაგოსა” “მონბუსს”უმასპინძლებს.
რაც შეეხება სევილიურ “კახასოლს”, რომლის ღირსებასაც ბექა ბურჯანაძე იცავს, გუნდმა საამაყო გამარჯვება მოიპოვა ბილბაოში – 82:79. სამწუხაროდ, ქართველი ფორვარდი მხოლოდ განაცხადში ყოფნას დასჯერდა და მოედანზე არ გასულა.
gbf.ge