სანიკიძის და ბურჯანაძის გუნდები 11-11 ქულით დამარცხდნენ
ესპანეთის პრიმერადივიზიონის მორიგ ტურში ვიქტორ სანიკიძის „სარაგოსაც“ დამარცხდა და ბექა ბურჯანაძის „კახასოლიც“. სანიკიძე დიდად არ გამორჩეულა, ბურჯანაძეს კი თამაშში ჩართვამ არ მოუწია.
„სარაგოსა“ სან სებასტიანში „გიპუზკოას“ შეხვდა და 11 ქულის სხვაობით – 62:73 წააგო. სანიკიძემ სასტარტო ხუთულში ითამაშა და 23:35 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, პასივში კი 4 დაკარგვა ჰქონდა. ვიქტორმა 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
სარაგოსელთაგან საუკეთსო ჯოზეფ ჯონსი გახლდათ, თუმცა მისმა 23-მა ქულამ სარაგოსელებს ვერ უშველა. სარაგოსელთა მსგავსად, „კახასოლმაც“ 11 ქულით წააგო. სევილიელებმა „ესტუდიანტესს“ უმასპინძლეს და შეხვედრა 71:82 დათმეს. ბურჯანაძე სათადარიგო იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა.
„კახასოლი“ და „სარაგოსა“ ცხრილში დამეზობლდნენ. 16 მოგებითა და 13 მარცხით სანიკიძის გუნდი მე-7 ადგილზეა, ხოლო 15 მოგებისა და 14 მარცხის მქონე „კახასოლი“ მე-8-ზე იმყოფება.
მომდევნო ტურში, 3 მაისს, „კახასოლი“ „ტენერიფეს“ უმასპინძლებს, ხოლო მეორე დღეს „სარაგოსა“ მადრიდში „რეალს“ დაუპირისპირდება.
gbf.ge