სანიკიძის და შერმადინის შედეგიანმა თამაშმა “სარაგოსას” “ვალენსია” დაამარცხებინა
ქართველი კალათბურთელების მორიგი წარმატება ესპანეთში. გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძეს დიდი თანამონაწილეობით “სარაგოსამ” ესპანური პრიმერადივიზიონის ერთ-ერთი ლიდერი, “მადრიდის რეალის” შემდეგ მეორე ადგილზე მყოფი “ვალენსია” დაამარცხა. სარაგოსელებმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარეს და დაძაბულ ბრძოლაში ვალენსიელებს 95:89 მოუგეს.
სარაგოსელთაგან საუკეთესო ვიქტორ სანიკიძე გახლდათ, გიორგი შერმადინმა კი საერთო სარგებლიანობის თვალსაზრისით სანიკიძის შემდეგ მეორე შედეგი აჩვენა. ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და როგორც ხშირად ხდება, მათ თითქმის თანაბარი დროით ითამაშეს.
გიორგი შერმადინმა მოედანზე 26,11 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 7 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ჯამში მოპოვებულ 18 ქულას 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 19 შეადგინა და ასეთივე შედეგი ჰქონდა მის თანაგუნდელ დამიენ რუდეჟს, რომელმაც 26 წუთში ასევე 18 ქულა დააგროვა.
საუკეთესო შედეგი კი სანიკიძემ დააფიქსირა, რომელმაც 25,47 წუთში 16 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ვიქტორმა 6-დან 5 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. რაც შეეხებათ ვალენსიელებს, საუკეთესო 23 ქულითა და 7 მოხსნით პაუ რიბასი გახდა.
20 მატჩიდან 12 მოგებით “სარაგოსა” მე-6 ადგილზეა და მის წინ 2 მოგებით მეტის მქონე “ბარსელონაა”. მომდევნო ტურში, 2 მარტს, “სარაგოსა” სტუმრად “ფუენლაბრადას” ეთამაშება.
gbf.ge