სანიკიძის ოფიციალური 13 ქულა და ევროლიგის საკვალიფიკაციოს ნახევარფინალი
წარმატებული გამოდგა ვიქტორ სანიკიძის ოფიციალური დებიუტი ყაზანის „უნიკსში“. რუსული გუნდი ბელგიაში დაწყებულ ევროლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაება და პოლონური „ჟელენა გორას“ 90:86 ძლევით ნახევარფინალში გავიდა.
ქართველმა ფორმარდმა, რომელიც 13-ნომრიანი მაისურით ასპარეზობს, ყაზანელებს 13 ქულა შესძინა. სანიკიძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ის სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და მოედანზე 20:52 წუთი გაატარა. ვიქტორმა 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 13 ქულას სანიკიძემ 6 მოხსნა და 2 დაფარება მოაყოლა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.
ყაზანელთაგან 22-22 ქულით კეიტ ლენგფორდი და კერტის ჯერელსი გამოირჩნენ. ხოლო „ჟელენა გორაში“ უკრაინული პასორტის მქონე ამერიკელი, სტივენ ბურტი შეუჩერებელი იყო, რომელმაც 30 ქულა დააგროვა. პოლონურ გუნდში ითამაშა ქართული პასპორტის მქონე ამერიკელმა, ქუინტონ ჰოსლიმ, რომელიც 3 წლის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი იყო, მაგრამ გუნდში ვერ მოხვდა.
სწორედ ჰოსლი დადგა მატჩის დასრულებამდე 5 წამით ადრე საჯარიმოს ხაზზე და რაკი მისი გუნდი 3 ქულით – 85:88 აგებდა, პირველი ბურთის ჩაგდების შემდეგ მეორე განძრახ ააცილა იმ იმედით, რომ თავისიანები მოხსნიდნენ და ანგარიშის გათანაბრებას მოახერხებდნენ, მაგრამ… ბურთი ყაზანელებს დარჩათ და ყველაფერიც გადაწყდა.
„უნიკსი“ მესამედ თამაშობს ევროლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში და ტრადიციისამებრ გადის მეორე წრეში, ანუ ნახევარფინალში, სადაც მარცხდება. რა იქნება მიმდინარე სეზონში, 25 სექტემბერს, გვიან ღამით გამოჩნდება. ნახევარფინალში სანიკიძის გუნდის მეტოქე იერუსალიმის „ჰაპოელია“, რომელმაც ჩეხური „ნიმბრუკი“ 94:84 დაამარცხა. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს 2 ფრანგული გუნდი – „სტრასბური“ და „ვილერბანი“ შეხვდებიან.
ევროლიგის საგზურს მხოლოდ ფინალის მომგები გუნდი მიიღებს, რომლისთვისაც ევროლიგის A ჯგუფია გამზადებული თურქული „ეფესის“, იტალიური „სასარის“, რუსული „ნიჟნი ნოვგოროდის“, ლიტვური „ჟალგირისის“ და ესპანური „რეალის“ შემადგენლობით.
gbf.ge