სანიკიძის ოფიციალური დებიუტი “უნიკსში” და გამარჯვება “ბიზონსთან”
ყაზანის „უნიკსის“ შემადგენლობაში ვიქტორ სანიკიძის ოფიციალური დებიუტი შედგა. რუსეთის სამუშაო ვიზის არქონის გამო ქართველმა ფორვარდმა ვითიბი ლიგის პირველი ტურის მატჩი გამოტოვა, რომელშიც ყაზანელებმა სარატოვის „ავტორდორი“ 81:78 დაამარცხეს. დღეს კი მეორე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „უნიკსმა“ ფინურ „ბიზონსს“ უმასპინძლა და ანგარიშით 85:80 სძლია.
აღნიშნულ შეხვედრაში სანიკიძე სათადარიგო იყო და მოედანზე 20:21 წუთით გამოჩნდა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 საჯარიმო და 1 სამქულიანი ჩააგდო. ვიქტორმა 6 ქულას 5 მოხსნა და 1 პასი მოაყოლა. სანიკიძემ 2 ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა, მასზე კი მეტოქეები 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
უნიკსელთა შორის საუკეთესო შედეგი კიტ ლენგფორდმა დააფიქსირა, რომელმაც 19 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. 17 ქულა და 8 მოხსნა დაუგროვდა დორ ფიშერს, ხოლო ბერძენმა ლეგიონერმა კოსტანტინოს კაიმატოღლუმ 16 ქულა მოაგროვა.
2-დან 2 გამარჯვებით „უნიკსი“ ვითიბი ლიგის ლიდერთა შორისაა. მომდევნო მატჩს ყაზანელები ისევ შინ გამართავენ. სანიკიძის გუნდი 19 ოქტომბერს სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“ უმასპინძლებს.
gbf.ge