სანიკიძის “უნიკსი” მადრიდის “რეალთან” ბოლო წამზე დამარცხდა
დასანანი მატჩი წააგო ვიქტორ სანიკიძის „უნიკსმა“. ევროლიგის მეორე ტურში სანიკიძის გუნდმა ყაზანში ევროპის ერთ-ერთ გრანდ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და საფინალო სირენამდე 1 წამით ადრე მიღებული ორქულიანით დამარცხდა.
ვიქტორ სანიკიძემ ბოლო მეოთხედში შესანიშნავად ითამაშა და „უნიკსი“ რომ 68:63 დაწინაურდა, მისი დამსახურებაცაა. მადრიდელებმა მოახერხეს ბოლო წუთზე გალიდერება, თუმცა ჯეიმს ვაიტმა საფინალო სირენამდე 7,7 წამით ადრე სამქულიანით „უნიკსი“ კვლავ წინ გაიყვანა – 75:74. ბოლო შეტევაში სერხიო ლიულმა ორქულიანი ჩააგდო და „რეალს“ გამარჯვება მოუტანა – 76:75.
ქართველი ფორვარდი სასტრტოში არ ყოფილა. სანიკიძემ მოედანზე 17:39 წუთი გაატარა და 6 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ვიქტორმა 3-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მარგი ქმედების კოეფიციენტით სანიკიძე ყაზანელთაგან მხოლოდ კეიტ ლენგფორდს ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 29 წუთში 23 ქულა დააგროვა.
რაც შეეხებათ მადრიდელებს, გამორჩეულად შედეგიანი არავინ ყოფილა. სამეფო კლუბმა გუნდური კალათბურთი ითამაშა, ყველაზე მეტი ქულა რუდი ფერნანდესს და გუსტავო აიონს ჰქონდათ – 10-10. 9-9 ქულა ჩააგდეს ანდრეს ნოჩიონიმ და იანის ბურუსისმა.
„უნიკსს“ 2 ტურის შემდეგ 2 მარცხი აქვს და მომდევნო მატჩში, 30 ოქტომბერს, იტალიურ „დინამო სასარის“ უმასპინძლებს.
gbf.ge