საქართველო და რეკორდული ქომაგობა
“ამ გამარჯვებას გულშემატკივარს ვუძღვნით, რომელიც ჩვენი ნაკრების მე-6 მოთამაშეა” – განაცხადა სლოვაკეთთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა. ბერძენ სპეციალისტს ქართველი გულშემატკივარი ყოველთვის ახსოვს და საკვალიფიკაციო მატჩების წინ გაკეთებულ კომენტარებში მათ ყოველთვის სპორტის სასახლის შევსებისკენ მოუწოდებდა. ზუროსმა კარგად იცოდა, რომ სპორტის სასახლეში საქართველოს ნაკრები უძლეველია, როცა ტრიბუნები სავსე და ქართველების მხარდასაჭერადაა მომართული.
უძლეველიაო, ვთქვით, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა 7 სექტემბერს შინ მონტენეგროსთან 2 ქულა ვერ აიღო. თუმცა ეს იყო წაგება მხოლოდ ფურცელზე, სატურნირო თვალსაზრისით, რადგან საქართველო სხვა, ყველანაირი სტატუსით გამარჯვებული იყო. საკვალიფიკაციო ტურნირის უძლიერეს ნაკრებს ქართველებმა ტოლი არ დაუდეს. მთელი პირველი ტაიმი უგებდნენ, ერთხანს 11 ქულითაც, მაგრამ მონტენეგროელთა უბადლოებამ მესამე პერიოდში თავისი გაიტანა და წინ გაჭრილი სტუმრები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ. საქართველოს ნაკრების წევრებმა ბოლომდე იბრძოლეს და ბოლო წუთზე ლიდერობაც დაიბრუნეს. რომ არა მსაჯის ალოგიკური გადაწყვეტილებები გადამწყვეტ მომენტში, მორალურად გამარჯვებული საქართველო 2 ქულასაც გაიფორმებდა, მაგრამ…
ეს ყველაფერი, ცხადია, ქართველმა კალათბურთელებმა საკუთარი ხელით და მებრძოლი ხასიათით მოახერხეს, მაგრამ ისინი მარტო არ იყვნენ. ზუროსის ნახსენები მე-6 მოთამაშე სპორტის სასახლის მოგუგუნე ტრიბუნების სახით მოედანზე იყო და თორნიკე შენგელიას, ზაზა ფაჩულიას, გიორგი ცინცაძეს, ვიქტორ სანიკიძეს, მაიკლ დიქსონს (და ყველა ჩვენიანს, ვინც ფიცარნაგზე გამოვიდოდა) ეხმარებოდა. საქართველო 26 მაისის მოედანზე (სპორტის სასახლის მისამართი) ერთ მუშტად იყო შეკრული. დედაქალაქელებთან ერთად ტრიბუნები ქუთაისიდან, ბათუმიდან, რუსთავიდან, გორიდან, თელავიდან და სხვა ქალაქებიდან ჩამოსულმა გულშემატკივარმა შეავსო, რომელმაც ევროშესარჩევი ტურნირის რეკორდი დააფიქსირა.
მონტენეგროსთან მატჩის საღამოს ფიბა-ს საიტმა დაწერა, რომ თბილისის სპორტის სასახლეში 7 სექტემბრის მატჩზე 9800 გულშემატკივარი მივიდა. ამით ევროშესარჩევი ტურნირის რეკორდი დამყარდა. მიმდინარე ციკლში, არც ერთ მატჩზე, არც ერთ ქალაქში, ამდენი მაყურებელი არ მისულა. ქართველმა გულშემატკივრებმა კვლავ გამოაჩინეს საკუთარი ძალა და საქართველოს ნაკრების გვერდში დგომით ფიბა-ს ყურადღებაც მიიქციეს.
ტრიბუნები შეივსო სლოვაკეთთან მატჩზეც, რამაც საქართველოს ნაკრების მნიშვნელოვანი გამარჯვება დიდად განაპირობა. სლოვაკების დამარცხებით საქართველოს ნაკრებმა ფაქტობრივად გაინაღდა ევრობასკეტის საგზური და ამაში, როგორც ზუროსი ამბობს და რაც ყველასთვის ნათელია, ქართველი გულშემატკივრის როლი მნიშვნელოვანია.
წერილს იმ ადამიანის სიტყვებით დავასრულებთ, რომლითაც დავიწყეთ. ზუროსმა სლოვაკეთთან მატჩის პრესკონფერენცია ქართული სიტყვებით დაიწყო: „didi madloba”. გულშემატკივრის მიმართ ის მადლიერების გრძნობა, რაც მთლიანად საქართველოს ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობას გააჩნია, მისმა მთავარმა მწვრთნელმა გამოხატა.