საქართველო – პოლონეთი. მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია (VIDEO)
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია საქართველოს ნაკრებმა დაიწყო. წესით, ეს ასე არ უნდა მომხდარიყო, თუმცა განადგურებულმა პოლონელებმა მოსვლა დაიგვიანეს. ლოდინმა დაგეგმილზე მეტ ხანს რომ გადააჭარბა, საპრესკონფერენციო დარბაზთან მომლოდინე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ, იგორ კოკოშკოვს და ამ მატჩში ქართველთა კაპიტან მანუჩარ მარკოიშვილს პრესკონფერენციის წამყვანმა დარბაზში უხმო და…
მანუჩარ მარკოიშვილი:
„საქართველოს ნაკრებმა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ეს მოგება იმიტომაცაა დასაფასებელი, რომ ჩვენ 2 ზალიან მაღალი დონის კალათბურთელი გვაკლდა – ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია. აქედან გამომდინარე, მატჩის წინ ბევრი უპირატესობას პოლონეთს ანიჭებდა, რომელიც მართლაც ძალიან ძლიერი გუნდია.პირველ ტაიმში მხოლოდ 22 ქულა მივიღეთ, რაც გამარჯვების მიღწევაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო. დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ჩვენთვის ეხლა მთავარია, მომდევნო მატჩზე გადავერთოთ და ასეც არის. პოლონეთთან მოგება წარსულს ჩაბარდა, ახლა მთელი კონცენტრაცია ხორვატიასთან მატჩზე გვაქვს. ხორვატებს ძალიან ძლიერი კალათბურთელები ჰყავს როგორც ფარის, ისე პერიმეტრის. წინ ძალიან დაძაბული მატჩი გველის“.
იგორ კოკოშკოვი:
„პოლონეთთან ამხანაგურ მატჩში აგვისტოს დასაწყისში დავმარცხდით.
მას მერე კარგად შევისწავლეთ მეტოქე და იტალიასთან პოლონელთა გამარჯვების შემდეგ ბიჭებს ვუთხარი – ეს ევრობასკეტის ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული გუნდი იქნება-მეთქი.
ამიტომ, შეხვედრას მაქსიმალურად კონცენტრირებულები შევხვდით.
გიორგი შერმადინმა გორტატის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა. მას ევრობასკეტის დაწყებამდე ვუთხარი: ეს შეჯიბრება შენი შანსია, უჩვენო, რა შეგიძლია.
განსაკუთრებით მარცინ გორტატთან უნდა გამოჩენილიყო გიორგის პოტენციალი და მიხარია, შერმადინმა უჩვენა – ევროპის ტოპ-ცენტრებს შორისაა”.
დირკ ბაუერმანი, პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
„არა აქვს მნიშვნელობა, რა თამაში ვაჩვენეთ და როგორი ძლიერი გუნდები დავამარცხეთ მოსამზადებელ ეტაპზე. საქართველოს ეროვულმა ნაკრებმა უმაღლესი დონის კალათბურთი გვეთამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩვენმა გუნდმა ვერაფერი გააწყო ქართველების გააზრებული დაცვისა და ზუსტი შეტევის წინააღმდეგ. მთელი თამაში ვცდილობდით, რამე საწინააღმდეგო მოგვეფიქრებინა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. ეს კარგი გაკვეთილია ჩვენთვის, იმედი მაქვს, მოთამაშეები დაფიქრდებიან, თუ რა დიდი მარცხი განიცადეს და ასეთ რამეს მომავალ მატჩებში აღარ დაუშვებენ”.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი