ქართველი გოგონები ვერცხლს დასჯერდნენ, თასი კი სომხეთში წავიდა
18-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონი სომხეთმა მოიგო. საქართველოს ნაკრებმა ვერ მოახერხა ფინალურ მატჩში გამარჯვება და ტიტულთან ერთად B დივიზიონის საგზურიც დაკარგა.
საქართველო და სომხეთი წაუგებლად მივიდნენ ფინალამდე, სადაც ფავორიტი გამოკვეთილი არ იყო, თუმცა თამაშმა საწინააღმდეგო გამოაჩინა. სომხეთის ნაკრებმა ისე დაიწყო შეხვედრა, მასპინძლებისთვის შანსი არ მიუციათ. ჩვენი მეზობლები შორი თუ ახლო დისტანციებიდან წარმატებით ესროდნენ, ხოლო ფარქვეშ ქართველებს შანსს არ უტოვებდნენ და პირველი პერიოდის ბოლოს 22:2 დაწინაურდნენ.
მეორე ათწუთეულში ქართველებმა თამაში ოდნავ გამოასწორეს, თუმცა ისე ვერა, რომ ჩამორჩენა შეემცირებინათ. დიდი შესვენების შემდეგ სომხები 50:15 დაწინაურდნენ და მატჩის ბედიც გადაწყვიტეს.
საბოლოოდ სომხებმა 66:32 მოიგეს და C დივიზიონის ჩემპიონის ტიტულსაც დაეპატრონნენ. საქართველოს ნაკრებში 10-ქულიან ზღვარს ნატალი ოთხმეზური მიუახლოვდა, რომელმაც 9 ქულა მოაგროვა. 6 ქულა ჰქონდა ელენე ილურიძეს, ხოლო ვიქტორია გეგეშიძის ანგარიშზე 5 ქულა დაგროვდა. ჩემპიონებს 19 ქულით დიანა რამაზიანმა ულიდერა.