საქართველომ ევროპის ჩემპიონატი ევროპის ჩემპიონთან ღირსეული თამაშით დაასრულა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილი ქართველები ევრობასკეტის დასკვნით მატჩში ევროპის მოქმედ ჩემპიონსა და მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს შეხვდნენ. ქართველებმა ესპანეთთან შეხვედრა ერთ-ერთი ლიდერის – მანუჩარ მარკოიშვილის გარეშე ჩაატარეს. ამავდროულად, კოკოშკოვმა სლოვენიაში გამართული მატჩებიდან სწორედ ესპანეთთან მისცა ყველაზე მეტი დრო ახალგაზრდებს, რომლებმაც თავი კარგად წარმოაჩინეს.
საქართველომ მძლავრად ითამაშა მატჩის პირველი მეოთხედი, რომლის მოგებამდეც მცირედი დააკლდა, თუმც სერხიო როდრიგესის საჯარიმოების წყალობით ესპანელებმა ბოლო წამებზე გაათანაბრეს და პერიოდი 17:17 დასრულდა. ქართველები არც მეორე მეოთხედში გატყდნენ და პერიოდის უმეტესი დრო ლიდერობდნენ. ესპანელებმა გარდატეხა პირველი ტაიმის დასრულებამდე 3 წუთით ადრე შეიტანეს, როცა 27:28 ჩამორჩენილებმა 12:0 გაქცევა მოაწყვეს და საბოლოო დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 41:29.
მესამე პერიოდში ევროპის ჩემპიონებმა შორი სამიზნე გაისწორეს – სერხიო როდრიგესმა, რუდი ფერნანდესმა, სერხიო ლულმა არაერთი შორი სროლა ჩააგდეს და ესპანელთა ლიდერობამ 20 ქულას მიაღწია. სათადარიგოები მანამდეც გამოდიოდნენ ხოლმე მოედანზე პერიოდულად, თუმცა მესამე პერიოდის მიწურულიდან კოკოშკოვმა ახალგაზრდებს მეტი გაქანება მისცა, ხოლო ბოლო პერიოდის უმეტესი დრო მოედანზე სათადარიგოები იყვნენ.
შესანიშნავად წარმოაჩინეს თავი დუდა სანაძემ, ბესო ლეჟავამ, ნიკა მეტრეველმა, ოთო ფხაკაძემ, ბექა ბურჯანაძემ. ყველა მათგანმა იბრძოლა, მოედანზე ბოლომდე დაიხარჯა და პლანეტის რჩეული კალათბურთელების წინააღმდეგ თამაშით უდიდესი გამოცდილება მიიღო. სათადარიგოებით მოთამაშე ქართველებმა ბოლო პერიოდი 1 ქულით დათმეს და მატჩი მთლიანობაში 59:83 წააგეს.
საქართველო ღირსეულად ემშვიდობება ევროპის ჩემპიონატს, სადაც პოლონეთის განადგურებისა და ხორვატია-სლოვენიასთან დასანანი წაგებებით გადაღლილი ჩეხებთან დამარცხდა, ბოლოს კი ახალგაზრდა მოთამაშეების ხარჯზე ესპანეთთან იმედიმომცემი შეხვედრა ჩაატარა.
სლოვენია ქართველებისთვის დასრულდა, წინ კი უკრაინაა – 2015 წლის ევროპირველობა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი