საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი 17 ქულით გაანადგურა
საქართველომ რუსეთი დაამარცხა. „ბ“ დივიზიონში მყოფი გია კაზანჯიანის გაწვრთნილი 16-წლამდელთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებაზე ლატვიაში იმყოფება და „ა“ დივიზიონის წევრ რუსეთს სპარინგ მატჩში დაუპირისპირდა. შეხვედრა ქართველების გამარჯვებით – 72:55 დასრულდა. მატჩი ამხანაგური იყო, მაგრამ მისი მნიშვნელობა ვინძლო ოფიციალურ მატჩს აღემატებოდა. ქართველებმა რუსი თანატოლები დამაჯერებლად დაამარცხეს, რითაც ყველას დაანახვეს, რომ ქართულ კალათბურთს მომავალი ეზრდება. მატჩის შემდეგ ლატვიაში დავუკავშირდით ნაკრების მთავარ მწვრთნელს გია კაზანჯიანს…
– დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბიჭებს, რომლებსაც მობილიზება არ აკლდათ, მოედანზე ისე გავიდნენ, რომ დარწმუნებული ვიყავი, რუსეთი კი არა, ვინც არ უნდა ყოფილიყო მეტოქე, გაიმარჯვებდნენ. ჩვენს გუნდს უკრაინასთან რამდენიმე დღის წინ გამართულ მატჩებშიც არ აკლდათ შემართება, მაგრამ დღეს სულ სხვა განწყობით და შემართებით ითამაშეს. ვისურვებდი, რომ ჩვენს გუნდს სულ ესე ეთამაშოს და დამიჯერეთ, წარმატებები არ მოგვაკლდება…
– რუსეთი „ა“ დივიზიონის წევრია და საერთოდ, რუსეთს ყოველთვის ფავორიტი ნაკრები ჰყავს ნებისმიერ ასაკში…
– „ა“ დივიზიონის წევრი იყო უკრაინაც, რომელსაც თბილისში 2 მატჩი დიდი ანგარიშით მოვუგეთ. ამ ასაკში არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ დივიზიონში ხარ. ყველაფერი თამაშის წასვლაზე, განწყობაზეა დამოკიდებული. საქართველოს ნაკრების წევრებმა დაცვაში ისე ითამაშეს, რომ რუსეთის ნაკრებს კი არა, ნებისმიერ გუნდს გაუჭირდებოდა ჩვენს ბიჭებთან თამაში. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ მათგანს თავდადებული თამაშისთვის. მადლობა ჩემს ასისტენტებს – ირაკლი ტომარაძეს, თემურ კანკიას, და სამწყვრთნელო შტაბის წყველა წევრს.
– ჩვენი ნაკრები რამდენად მზადაა საიმისოდ, რომ „ა“ დივიზიონში გადასასვლელად იბრძოლოს?
– ჩვენი ნაკრები ყოველთვის იბრძოდა წარმატების მისაღწევად და მჯერა, რომ ახლაც ყველაფერს გააკეთებს ამისთვის. არ მინდა ეიფორიაში ჩავვარდე და რუსეთის და უკრაინის მოგების შემდეგ დავიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ ელიტარულ დივიზიონში აუცილებლად გადავალთ. ყველაფერს მომავალი გვაჩვენებს. ერთი რამ კი ცხადია – ჩვენი ხელმძღვანელობის, კალათბურთის ფედერაციის შრომას და მოწადინებას, რომ კარგად მოვმზადებულიყავით, უკვალოდ არ ჩაუვლია. ჩვენმა ნაკრებმა დიდი გამოცდილება მიიღო გასული მატჩებით და წინ კიდევ არაერთი ღირსეული მეტოქე გველის, რომლებთანაც თამაში დიდ გამოცდილებას შეგვძენს.
– კონკრეტულად რა გეგმები გაქვთ?
– ლატვიაში კიდევ 2 სპარინგ-მატჩს გავმართვავთ ადგილობრივ კლუბებთან – ოღონდ ჩვენზე 2 წლით უფროსებთან. შემდეგ ესტონეთში გადავალთ და იქ კიდევ 2 მატჩს ვითამაშებთ ადგილობრივ ნაკრებთან. 13, 14 და 15 აგვისტოს კი ბელგიაში გველის თამაშები ამ ქვეყნის 16-წლამდელთა ნაკრებთან. ნაკრები ფორმაში შედის და კიდევ 7 საკონტროლო მატჩი იქნება მართლაც საკმარისი საიმისოდ, რომ ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.
– დაბოლოს, რუსეთთან თამაშის პერიპეტიებზე რას გვეტყვით…
– დაცვა იყო ის, რის ხარჯზეც ეს შეხვედრა მოვიგეთ. მატჩი დიდი უპირატესობით დავიწყეთ. 11:0 ვიგებდით, ხოლო პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენმა ლიდერობამ 22 ქულა შეადგინა. ზედმეტია მატჩის დაძაბულობაზე ლაპარაკი. გამარჯვებას დამაჯერებელი თამაშის წყალობით მივაღწიეთ და ეს, ვიმეორებ, კარგად სათანადო მომზადებისა და მობილიზების შედეგად მოვახერხეთ.
16-წლამდელები. ლატვია. 2 აგვისტო.
რუსეთი 55:72 საქართველო
10:28, 15:19, 12:11, 18:14
საქართველო: ლეონიძე (7), ბაბილოძე (9), ყეინაშვილი, ცხოვრებოვი, ბულაშვილი (7), აფხაზავა (6), ცირეკიძე (21ქ, 6მ), ფურცხვანიძე (6), აკობია (5), თვალაბეიშვილი (9), ბარამიძე (2), კორსანტია
gbf.ge