საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები სლოვაკეთთან დიდი სხვაობით წაგების გამო ჯგუფიდან ვეღარ გავიდა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა დასანანი მარცხი განიცადა. გუნდი, რომელსაც ჯგუფური ეტაპის საწყისი 4 შეხვედრა მოგებული ჰქონდა და პირველ ადგილამდე ერთი ნაბიჯი აკლდა, ბოლო ტურში სლოვაკეთთან 20 ქულით წააგო და პლეი ოფს მიღმა დარჩა.
საქართველოს ნაკრებს პირველ ადგილზე გასასვლელად უბრალოდ გამარჯვება სჭირდებოდა, ხოლო პლეი ოფში, მეორე ადგილიდან სლოვაკეთთან 9-ქულიანი მარცხიც შემთხვევაშიც გადიოდა. ანუ ქართველებს სლავებთან 9-ქულიანი ჰანდიკაპი ჰქონდათ, თუმცა ისე ცუდად ითამაშეს, რომ 48:68 წააგეს და არათუ პირველ, მეორე ადგილზეც ვეღარ გავიდნენ.
სამმა გუნდმა – უკრაინამ, სლოვაკეთმა და საქართველომ თანაბარი ქულები დააგროვეს (4 მოგება, 1 წაგება) და უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში ჩაგდებულ ბურთების შეფარდებას მიენიჭა. უკრაინელებს სლოვაკები 17 ქულით ჰყავდათ დამარცხებული, ხოლო ქართველებთან მხოლოდ 1 ქულა დათმეს და პირველზე გავიდნენ. სლოვაკეთმა კი უკრაინასთან -17 ქართველებთან 20-ქულიანი მოგებით ამოიღო და მეორეზე გავიდა. იგივე მოხდებოდა, სლოვაკებს საქართველო 10 ქულით რომ დაემარცხებინთ, თუმცა გულადმა სლავებმა ბოლომდე იბრძოლეს და ქართველებს შანსი არ დაუტოვეს.
სლოვაკეთთან თამაშზე რა შეიძლება ითქვას?! ქართველებმა მეორე და მესამე პერიოდები ჩააგდეს და ბოლოს ვითარების გამოსწორება ვეღარ შეძლეს. ასე იყო ინგლისთან და უკრაინასთანაც იმ განსხვავებით, რომ ბოლო პერიოდში საქართველომ მოახერხა რეაბილიტაცია და მატჩების გამარჯვებამდე მიყვანა. სლოვაკეთთან კი, ყველაზე პრინციპულ და გადამწყვეტ მატჩში, ქართველებმა იმდენი ვერ მოახერხეს, რომ 9 ქულით არ წაეგოთ. გაგიკვირდებათ და, თამაშიდან ქართველებმა მეტი სიზუსტით ესროლეს, თუმცა სლოვაკებმა მეტი სამქულიანი და გაცილებით მეტი საჯარიმო ჩააგდეს.
ჯგუფიდან ვერგასვლის მიუხედავად, გია კაზანჯიანის, არჩილ ჟღენტისა და მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილი 18-წლამდელთა ნაკრები მაკედონიაში 7 აგვისტომდე დარჩება და სხვა უიღბლოებთან ერთად ევროპის ჩემიონატის B დივიზიონის 9-16 ადგილებს გაითამაშებს.
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია