საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში ფიზმომზადებისთვის შეიკრიბა
საქართველოს ეროვნული ნაკრები არასრული შემადგენლობით თბილისში შეიკრიბა. გუნდი 23 ივნისიდან 4 ივლისამდე დედაქალაქში მოემზადება, რის შემდეგაც გეზს სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკისკენ აიღებს, სადაც უკვე სრული შემადგენლობითა და დატვირთვის განაგრძობს მზადებას.
თბილისური შეკრების მიზანი გუნდის ფიზიკურად მომზადებაა. მოთამაშეთა უმეტესობა ფორმაში არაა და დასვენების შემდეგ ორგანიზმის ძლიერი დატვირთვებისთვის მომზადება ესაჭიროება.
„ამას, რასაც ახლა ვაკეთებთ, გაჭიმვები ჰქვია – გვითხრა გუნდის ფიზმომზადების ერთ-ერთმა მწვრთნელმა ავთო ბერიძემ – აუცილებელია, მოწესრიგდეს გულსისძარღვთა მოქმედება, რათა ორგანიზმმა იმ დატვირთვებს გაუძლოს, რასაც გუნდი სლოვენიის შეკრებაზე მიიღებს“.
თბილისურ შემრებას სერბი ფიზმომზადების მწვრთნელი ალექსანდრ ჩვოროვიჩი ხელმძღვანელობს, რომელიც გუნდის წევრთა ახლანდელი ფორმით კმაყოფილი არაა, თუმცა მისი გეგმის თანახმად, მოთამაშეები სლოვენიურ შეკრებას სრულ მზადყოფნაში შეხვდებიან.
„გუნდში ჩვეულებრივ თბილი ატმოსფერო დამხვდა. ბიჭები მოტივირებულები არიან, განსაკუთრების ეს ახალბედებზე ითქმის. სეზონი ცოტა ხნის წინ დასრულდა, რის შემდეგაც მოთამაშეებმა დაისვენეს და ფორმიდან ამოვარდნილები არიან. ეს ბუნებრივი პროცესია და ჩემი მოვალეობაც ისაა, რომ ნააკრების კანდიდატები კონდიციაში მოვიყვანო. დავსახეთ გეგმა, რომელსაც მივყვებით და იმედი მაქვს, ხელისშემშლელი არაფერი იქნება“ – გვითხრა ალექსანდრ ჩვოროვიჩმა.
ნაკრებმა 23 ივლისს სპორტკომპლექს „არენაზე“ ივარჯიშა, სადაც ჩვეულებრივ, ფიზმომზადებას დაატებული აქვს ფიტნესის ვარჯიშები. დღეს კი ნაკრებმა საკალათბურთო აკადემიაში ივარჯიშა. დღევანდელ ვარჯიშზე გიორგი შერმადინი მოვიდა, რომელსაც საბერძნეთში ნატკენი ფეხი აწუხებდა და ვერ ივარჯიშა. ეს კი ის 12 კალათბურთელია, რომლებმაც ალექსანდრ ჩვირივიჩისა და ავთო ბერიძის მეთვალყურეობითა და ინსტრუქციით ივარჯიშეს.
გიორგი ცინცაძე, ლევან ფაცაცია, დუდა სანაძე, აკაკი დვალიშვილი, ბესო ლეჟავა, ირაკლი ჩლაიძე, რეზო როგავა, ოთო ფხაკაძე, ბექა წივწივაძე, გიორგი შარაბიძე, მიხეილ ბერიშვილი, და ნიკა მეტრეველი. ვიქტორ სანიკიძე 23 ივლისს, პირველ შეკრებაზე გამოცხადდა, მაგრამ არ უვარჯიშია.
მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი და მისი ასისტენტი ჯეისონ სტოდტი ნაკრებს სლოვენიაში შეუერთდება. პოდჩეტრტეკში ჩავლენ ზაზა ფაჩულია, მანუჩარ მარკოიშვილი, რიკი ჰიკმანი, თორნიკე შენგელია და ბექა ბურჯანაძე (რომელიც დღესდღეობით 20-წლამდელთა ნაკრებშია დაკავებული).
ნაკრები „არენასა“ და საკალათბურთო აკადემიაში მონაცვლეობით ივარჯიშებს.
gbf.ge