საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფიბას რეიტინგში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 28-ე ადგილზეა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ფიბას რეიტინგში 19-საფეხურიანი ნახტომი გააკეთა და 28-ე ადგილზე გადაინაცვლა. აქამდელ რეიტინგში ჩვენი ნაკრები მსოფლიოში 47-ე ადგილზე იყო, თუმცა ევრობასკეტზე ლიტვისა და ისრაელის დამარცხებამ, ასევე მოსამზადებელ მატჩებში ევროპის გრანდების – საბერძნეთის, სერბეთის, ლიტვის, ლატვიის ძლევამ ილიას ზუროსის გაწვრთნილ გუნდს სოლიდური სარეიტინგო ქულები მოუტანა და საქართველომ რეიტინგის მოწინავე გუნდებს შორის უკრაინასთან ერთად ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში ყველაზე დიდი ნახტომი ჰოლანდიამ (+38), მონტენეგრომ (+37), ისლანდიამ (+37), ესტონეთმა (+35) და პორტუგალიამ (+26) გააკეთეს, თუმცა ეს ნაკრებები იმდენად დაბლა იყვნენ, რომ ამხელა პროგრესის შემდეგაც არ არიან საქართველოზე წინ. ხსენებული ნაკრებებიდან ყველაზე ახლოს ჩვენს ნაკრებთან მონტენეგროა, რომელმაც 72-ე ადგილიდან 35-ეზე გადაინაცვლა.
რეიტინგს, რა თქმა უნდა, აშშ-ს ნაკრები ლიდერობს. შემდეგ მოდიან ესპანეთი, სერბეთი და საფრანგეთო. მე-6 ადგილზეა ლიტვის ეროვნული გუნდი, რომელსაც საქართველომ აგვისტოსა და სექტემბერში ამხანაგური მატჩიც მოუგო, და ევრობასკეტზე – ოფიციალურიც.
GBF.GE