საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შეკრება დაიწყო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევი ტურნირის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ილიას ზუროსმა ეროვნული გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელთაგან ის მოთამაშეები შეირჩევა, რომლებიც 21 თებერვალს საბერძნეთს, ხოლო 24-ში ესტონეთს დაუპირისირდებიან. გამოძახებულნი არიან, თუმცა ნაკრების შემადგენლობაში ტრავმის გამო ვერ მოხვდნენ თორნიკე შენგელია და ნიკა დარბაიძე.
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპში საქართველოს ნაკრებს გამართული 4 მატჩიდან 3 მოგება აქვს, თუმცა პირველ და მეორე ეტაპების გაერთიანებულ ცხრილში 5-5 მოგებ-წაგება გააჩნია და მუნდიალზე გასვლის შანსი გაცილებით ნაკლები აქვს, ვიდრე კონკურენტ სერბეთს. მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გავიდეს, საქართველოს ნაკრებმა დარჩენილი ორივე შეხვედრა უნდა მოიგოს, ხოლო სერბეთმა – ესტონეთთან და ისრაელთან – წააგოს.
ილიას ზუროსმა მომავალი მატჩებისთვის მოსამზადებლად ნაკრების კანდიდატები ოლიმპიურ სასახლეში შეკრიბა, სადაც ეროვნული გუნდი 18 თებერვლამდე ივარჯიშებს, ხოლო 19-ში, გამთენიისას, საბერძნეთში გაემგზავრება, სადაც კუნძულ კრეტაზე 21 თებერვალს ელინთა ნაკრებს დაუპირისირდება. საქართველოს ნაკრები საბერძნეთიდან 23 თებერვალს, გამთენიისას დაბრუნდება და ესტონეთთან მატჩისთვის მომზადებას სპორტის სასახლეში განაგრძობს. ბალტიისპირელებთან მატჩი 24 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში, 19:00 საათზე გაიმართება.
საბერძნეთში გამგზავრებამდე, 18 თებერვალს, საქართველოს ნაკრები ოლიმპიურ სასახლეში მასმედიის წარმომადგენლებისთვის ღია ვარჯიშს გამართავს.