საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მოსკოვში ჩავიდა (ვიდეო-ფოტო)
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები სლოვენიიდან მოსკოვში ჩავიდა, სადაც „ხიმკის“ საკალათბურთო დარბაზში 5 აგვისტოს ბელარუსს, ხოლო მეორე დღეს რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრები სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკიდან დღეს, დილის 10 საათზე გავიდა და საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ ავტობუსით ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში იყო. ზაგრები – მოსკოვის რეისი დროულად, 12:30 საათზე გაფრინდა და რუსეთის დედაქალაქის შერემეტოვოს აეროპორტში ადგილობრივი დროით 17:05 საათზე დაფრინდა. აეროპორტში ჩვენს ნაკრებს დახვდა ცნობილი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია, რომელიც საგანგებოდ საქართვეოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ჩამოვიდა მოსკოვში და “ხიმკის” დარბაზში ქართველების მობილიზებას გეგმავს. მისი განცხადებით, 200-ზე მეტმა მოსკოვში მცხოვრებმა ქართველმა გამოთქვა თამაშებზე დასწრების სურვილი.
შერემეტოვოს აეროპორტიდან სასტუმრო „ალიანს-გრინვუდამდე“ 20 წუთის გზაა, თუმცა მოსკოვის საცობების გადამკიდე ავტობუსს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად 1 საათი დასჭირდა. სასტუმრო „გრინვუდის“ ბიზნეს-პარკში მდებარეობს და აქ არის დაბინავებული ბელარუსის ნაკრებიც, რომელიც რუსეთის ნაკრებთან 50:103 განადგურდა.
სასტუმროში დაბინავებისა და ვახშმობის შემდეგ რუსეთისა და ბელარუსის მატჩის სანახავად საქართველოს ნაკრების მწვრთნელები გაემართნენ. მწვრთნელთა შტაბის წევრები დარბაზიდან აღნიშნული მატჩის ვიდეო-ფირს მოიტანენ და ხვალ, დილას, საქართველის ნაკრების წევრები მომავალი მეტოქეების თამაშს გაარჩევენ.
საქართველოს ნაკრები მოსკოვში იმ 14 კალათბურთელით ჩამოვიდა, რომლებიც შეკრებაზე სლოვენიაში იმყოფებოდნენ. ესენი არიან: გიორგი შარაბიძე, ბესო ლეჟავა, მაიკლ დიქსონი, ლუკა ზაქრაძე, ანატოლი ბოისა, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ვიქტორ სანიკიძე, ბექა ბურჯანაძე, კახა ჯინჭარაძე, თორნიკე შენგელია, გიგი გოგობერიშვილი, ბექა ბექაური.
საქართველოს ნაკრები ხვალ, 5 აგვისტოს დილით მსუბუქად ივარჯიშებს და საღამოს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდება.