საქართველოს ნაკრებმა ლატვიას მოუგო და ლიტვის ტურნირის ფინალში გავიდა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლიტვის საერთაშორისო ტურნირი გამარჯვებით დაიწყო და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ლატვისს ნაკრებს 73:69 სძლია და ხვალ, თბილისის დროით 20:30 წუთზე ლიტვასა და პოლონეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
საქართველოს ნაკრებმა ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი ჩააბარა. ლატვიის ნაკრები საკმაოდ ძლიერი გუნდია იმის მიუხედავად, რომ 2 წამყვანი მოთამაშე – კრისტაფს პორჟინგისი და დევის ბერტანსი აკლდა. თუმცა თავის მხრივ საქართველოც 2 წამყვანი კალათბურთელის გარეშე თამაშობდა – ტრავმირებული ვიქტორ სანიკიძე და ზაზა ფაჩულია.
წინა ამხანაგურ მატჩში, რომელიც ჩვენმა ნაკრებმა ავსტრიაში ჩაატარა, 12-ქულიანი ლიდერობა გაანიავა და საბოლოოდ დამარცხდა. ახლა კი პირქით. ქართველები მეორე პერიოდში 21:33 აგებდნენ, თუმცა მობილიზება შეძლეს და გამართული თამაშის წყალობით ვითარება მესამე მეოთხედშივე გამოასწორეს.
დიდი შესვენებისთვის ქართველები 33:39 აგებდნენ და გასახდელიდან დაბრუნებულებმა გარდატეხა მალევე მოახდინეს. პერიოდის საწყის 6 წუთში ჩვენი ნაკრების წევრებმა 18:5 გაქცევა მოაწყვეს. შესაბამისად, დიდ შესვენებაზე 6 ქულით ჩამორჩენილი ქართველები მესამე მეოთხედის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 7 ქულით გალიდერდნენ, რაც დაცვაში კარგი თამაშისა და შეტევაში შედეგიანობის დამსახურება გახდა.
ლატვიელები იოლად არ დანებდნენ და მესამე ათწუთეულის ბოლოსთვის ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს, ხოლო ბოლო პერიოდში ქართველებს ანგარიშიც გაუთანაბრეს, მაგრამ კარგი დაცვის ხარჯზე ზუროსის გუნდს შეტევაშიც გზა გაეხსნა და მანუჩარ მარკოიშვილის ზუსტი 2-ქულიანის შემდეგ, საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე 5 ქულით – 68:63 გალიდერდნენ.
აქ კი ლატვიელებმა დაცვა გაამაგრეს და ქართველების ზედიზედ 4 შეტევა მოიგერიეს, თავად კი შეტევაში ხეირობდნენ და ბოლო წუთზე ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. გიორგი ცინცაძის ზუსტმა 2-მა საჯარიმომ ქართველები კვლავ 3 ქულით გაალიდერა და ბოლო წამებზე ქართველლებმა გამარჯვება კბილებით დაიცვეს.
ჩვენს ნაკრებში 20 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო შედეგი დააფიქსირა გიორგი შერმადინმა. 14 ქულა მოაგროვა თორნიკე შენგელია, გიორგი ცინცაძემ კი ჩვენს გუნდს 12 ქულა მიაშველა. მანუჩარ მარკოიშვილის ანგარიშზე კი 7 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა.
საქართველოს ეროვნული გუნდი 5 აგვისტოს ლიტვის ტურნირის ფინალში ითამაშებს და თბილისის დროით 20:30 საათზე ლიტვასა და პოლონეთს შორის გამარჯვებულს ხვდება.
საქართველო – ლატვია 83:79 (სტატისტიკა)