საქართველოს ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა
13 აგვისტოს, ქალაქ თბილისის მერიის თასზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უკრაინას კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას გარეშე დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 73:69 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი მეოთხედი უკრაინელთა გამარჯვებით 21:20 დასრულდა. მეორე მეოთხედში მინიმალური სხვაობით გამარჯვება ქართველებმა შეძლეს და გუნდები შესვენებაზე ფრით, ანგარიშით 34:34 გავიდნენ. მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა – ზუროსის შეგირდებმა 17 ქულა ჩააგდეს, უკრაინელებმა კი ხუთით ნაკლები. მეოთხე მეოთხედში სიტუაცია დაიძაბა, შეხვედრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ანგარიში გათანაბრდა, თუმცა თორნიკე შენგელიამ სამქულიანი ჩააგდო, რასაც სანიკიძის ორი ქულა მოჰყვა.
წინა შეხვედრის მსგავსად, საუკეთესო იყო ვიქტორ სანიკიძე, რომელმაც 20 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
რაც შეეხება დღის მეორე შეხვედრას, რუსეთის ნაკრებმა ჰოლანდია ანგარიშით 86:74 დაამარცხა.