საქართველოს თასის მფლობელი ქუთაისი გახდა
საქართველოს თასის ახალი მფლობელი “ქუთაისია”. სპორტის სასახლეში გამართული ფინალი “სოხუმსა” და “ქუთაისს” შორის იმერელთა გამარჯვებით დასრულდა. ფინალური მატჩი საკმაოდ სანახაობრივი და საინტერესო გამოდგა. ქვეყნის მთავარ არენაზე მოსულ მრავალრიცხოვან გულშემატკივარს იმედები ნამდვილად გაუმართლდა.
3 მეოთხედის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული და საინტერესო ბრძოლა მიმდინარეობდა. მიუხედავად ყველასთვის ცნობილი პრობლემებისა, “სოხუმელები” ღირსეულად ებრძოდნენ ძლიერ მეტოქეს. თუმცა, სწორედ მესამე მეოთხედის ბოლოს ნომინალურ მასპინძლებს დაღლა დაეტყოთ. ფაშაებისა და ბარბაქაძის კარგი თამაშის წყალობით გადამყწვეტ მეოთხედამდე ქუთაისელები 58:49 დაწინაურდნენ.
აღნიშნული უპირატესობა ქუთათურებმა ბოლო მეოთხედში გაზარდეს საბოლოო გამაჯვებაც მოიპოვეს – 66:81.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულთა რიგებში 10-ქულიან ზღვარს ექვსმა მოთამაშებ გადააბიჯა. საუკეთესო ბომბარდირი 18 ქულით ზაურ ფაშაევი გახდა, ხოლო მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ბარბაქაძე იქნა დასახელებული.
სამწუხაროდ, ფინალს არც უსიამოვნო ინციდენტის გარეშე ჩაუვლია. მატჩის დასაწყისში ქუთაისელთა გულშემატკივრების ნაწილმა მოედანზე სცადა შეჭრა. სავარაუდოდ, ფანები მსაჯობით იყვნენ უკმაყოფილოები.
მატჩის შემდეგ
მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, მთლიანად გუნდს, ჩვენს გულშემატკივრებს და ყველას, ვისაც ჩვენი წარმატება გაუხარდა. თავიდანვე ვიცოდით, რომ ფინალი ასეთი დაძაბული იქნებოდა. წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც აღვნიშნე, რომ ასეთი თამაშების წინ პროგნოზის გაკეთება რთულია, ეს გამართლდა კიდეც. ორივე გუნდს ჰქონდა თავისი პლიუსები და უპირატესობა, ,,სოხუმის’’ ბიჭები კარგად შეთამაშებული იყვნენ და პირველ ტაიმში გარედან საკმაოდ კარგად ესროდნენ, რასაც ჩვენს გუნდზე ვერ ვიტყვით. ამას ფინალის თანმდევი ნერვილობა და დაძაბულობა იწვევს, როგორი გამოცდილი და ძლიერი გუნდიც არ უნდა იყო, ფინალში მაინც დაძაბული ხარ. მეორე ნახევარში უფრო კარგად ვიასპარეზეთ, გუნდურად ვითამაშეთ, ფარქვეშაც და პერიმეტრზეც უკეთ წაგვივიდა თამაში. ,,სოხუმი’’ ემოციურად და ფიზიკურად საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მოვიდა ფინალამდე და მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო ასეთი შეხვედრისთვის. დარმწუნებული ვარ, ერთნაირ პირობებში რომ ვყოფილყავით, შეიძლებოდა სხვანაირი შედეგი დამდგარიყო.
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ ,,ქუთაისს’’ გამარჯვებას, დამსახურებულად მოიგეს, ძლიერი ჯგუფი გაიარეს და ფინალშიც წარმატებულად იასპარეზეს. ,,ქუთაისი’’ ქართული კალათბურთის ბრენდია. ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის გვიჭირს. წინასწარ ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ბიჭებს, რომლებიც ფინალამდე დიდი ბრძოლის ხარჯზე მოვიდნენ. დღეს ვეღარ გავუძელით სტრესს, ფსიქოლოგიურად ვერ მოვამზადე ბიჭები სათანადოდ, სკამიც ვერ გამოვიყენეთ. ამ თამაშის წაგებას, პირველ რიგში, ჩემს თავზე ვიღებ. მეორე მხრივ, ჩვენმა ფინანსურმა პრობლემებმაც სერიოზული გავლენა იქონია. ლეგიონრები რომ არ წასულიყვნენ, ალბათ სხვანაირ შედეგს ვიხილავდით.
გიორგი ბარბაქაძე(,,ქუთაისი’’): უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც თბილისში ჩამოვიდა და ბოლომდე გვერდში დაგვიდგა. რაც შეეხება თამაშს, კარგი ფინალი შედგა, დაძაბული თამაში იყო, ფაქტობრივად, ბოლო პერიოდში გადაწყდა მატჩის ბედი. ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც ვემზადებოდით ამ თამაშისთვის, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საწადელისთვის მიგვეღწია და შედეგიც სახეზეა. დიდ მადლობას ვეტყვი ,,სოხუმის’’ გუნდს, ბიჭებმა ყველაფერი ჩადეს ამ თამაშში და დაამტკიცეს, რომ არ იმსახურებენ ასეთ მდგომარეობაში ყოფნას. იმედია, მათი პრობლემები გადაწყდება და გუნდს უპატრონოდ აღარავინ დატოვებს.
გრიგოლ შვანგირაძე(,,სოხუმი’’): პირველ რიგში, ვულოცავ ,,ქუთაისის’’ გუნდს დამსახურებულ გამარჯვებას. ასეთი თამაშის წინ პროგნოზების გაკეთება ნამდილად რთულია. მესამე მეოთხედამდე დაძაბული შეხვედრა იყო, შემდეგ კი კონტრშეტევებში გაგვტეხა მეტოქემ და ბევრი შეცდომა დავუშვით. ბევრი ფაქტორი იყო, რამაც გავლენა იქონია ჩვენს თამაშზე, იმ პირობების და ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით, რომელშიც ,,სოხუმის’’ გუნდია, ფინალში გასვლაც დიდი წარმატება იყო. ვამაყობ ჩემი გუნდით. ,,ქუთაისს’’ კი კიდევ ერთხელ მივულოცავ თასის მოგებას.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები