საქართველოს თასს ახალი მფლობელი ეყოლება: სოხუმი VS ქუთაისი
29 მარტს, 14:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს თასის გათამაშების ფინალი გაიმართება. ერთმანეთს შეხვდებიან გუნდები, რომლებსაც აქამდე არასდროს არ მოუგიათ აღნიშნული ტიტული. ფინალში, სეზონის ერთ-ერთი პრესტიჟული ტიტულისთვის „სოხუმი“ და „ქუთაისი-2010“ დაუპირისპირდებიან.
„ქუთაისი“ გასულ წელს პირველად გავიდა თასის ფინალში, თუმცა „არმიასთან“ დამარცხდა, „სოხუმი“ კი სატიტულო მატჩშიც არასდროს ყოფილა. 2013 წლის თასის გათამაშებაში ამ გუნდებმა ფინალამდე რთული გზა გამოიარეს.
მეოთხედფინალურ სერიაში „სოხუმმა“ ორი მატჩის ჯამში (109:86, 73:80) „ბათუმი“ დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში გათამაშებიდან თბილისის „დინამო“ (70:64, 71:73) გამოთიშა. ქუთაისელებმა თასის გათამაშების პირველ საპლეიოფო სერიაში „შსს-აკადემიას“ აჯობეს (76:79, 102:91), ნახევარფინალში კი „არმია“ 2 მატჩის ჯამში (70:64, 78:74) დაამარცხეს.
თასის გათამაშება 2003 წლიდან იმართება. წლევანდელი გათამაშება რიგით მე-12-ა. ყველაზე მეტჯერ, 2-2-ჯერ, საქართველოს თასი „თბილავიამშენს“ და „არმიას“ მოუგია. დღეს თასს ახალი მფლობელი ეყოლება: „სოხუმი“ ან „ქუთაისი“.
gbf.ge