საშეჯიბრო დეპარტამენტმა სუპერლიგის გუნდებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
სუპერლიგის 2014-2015 წლების სეზონთან დაკავშირებით კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტმა ჩემპიონატში მონაწილე გუნდებთან რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა გამართა და დებულების სხვადასხვა საკითხები გადაწყვიტა.
დღეს შეკრებილი 8 კლუბიდან 7-მა სუპერლიგაში მონაწილეობის თაობაზე განაცხადი ოფიციალურად უკვე წარადგინა, დარჩენილმა ერთმა გუნდმა კი ფედერაციას წერილობით პასუხი 22 სექტემბრამდე უნდა აცნობოს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის სათათბირო ოთახში სუპერლიგაში მონაწილე გუნდებთან ერთად ჩემპიონატის დაწყების თარიღი გადაწყდა. სუპერლიგის 2014-2015 წლების სეზონი მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს დაიწყება, ხოლო მანამდე 18 ოქტომბერს, ტრადიციული დუდუ დადიანის მემორიალი გაიმართება.
დარჩენილი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად საშეჯიბრო დეპარტამენტი და სუპერლიგის კლუბები 23 სექტემბერს, 15:00 საათზე შეიკრიბებიან.
gbf.ge