სასკი ბასკონიას საწვრთნელი კემპი დასრულდა
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და ესპანურ კორპორაცია „სასკი ბასკონიას“ შარშან დაწყებული თანამშრომლობა გრძელდება. ეს კორპორაცია რამდენიმე კლუბის მფლობელია, რომელთა შორისაც წლევანდელი ევროლიგის ოთხთა ფინალის წევრი „ლაბორალ კუჩაა“.
სწორედ ამ კლუბის საწვრთნელი კემპი ჩატარდა თბილისში. შარშანდელის მსგავსად, კემპის ჩასატარებლად თბილისში ესპანელი მწვრთნელები ჩამოვიდნენ და ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში 55 პერსპექტიულ მოზარდს ვარჯიშებს უტარებდნენ.
კემპისთვის 2001-2005 წლებში დაბადებული კალათბურთელები შეირჩნენ. სელექცია ასაკობრივი ნაკრებების უცხოელმა კოორდინატორებმა – მილოშ გლიგორიევიჩმა და ტიხომირ ბუჯანმა მოახდინეს. ეს სპეციალისტები გასულ ციკლში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობდნენ და ფედერაციამ მათ საქართველოში ჩამოსვლა და ასაკობრივი ნაკრებებისთვის ტალანტების მოძიება, მათი კოორდინაცია და სამწვრთნელო პროცესების მონიტორინგი შესთავაზა.
შერჩეული ქართველი მოზარდები ხუთდღიან კემპში მიიღეს მონაწილეობა და ესპანელი მწვრთნელებმა მათგან 16 საუკეთესოს შეარჩიეს, რომლებიც ესპანეთში, ქალაქ ვიტორიაში ივლისის თვეში დაგეგმილ „ლაბორალ კუჩას“ კემპზე წაივლენ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შერჩეულ პერსპექტიულ ახალგაზრდებთან ერთად გენერალურ კემპში მიიღებენ მონაწილეობას. სწორედ ამ კემპის შემდეგ შეირჩევა ის კონტიგენტი, რომლებიც ესპანეთში დარჩებიან და ან „ლაბორალ კუჩაში“, ანდაც ამ კლუბთან დაახლოებულ სხვა გუნდებში გააგრძელებენ ვარჯიშს.
შეგახსენებთ, რომ „ლაბორალ კუჩაში“ ასპარეზობს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი თორნიკე შენგელია. ვიტორიელთა ახალგაზრდულ გუნდშია ლუკა ბულაშვილი, ხოლო სხვა კლუბებში ლაბორალელებმა ნიკა დარბაიძე და გიორგი ტურძილაძე გაანათხოვრეს.
დღეს კემპის დახურვაზე 16 საუკეთესო მონაწილე შეირჩა, რომლებიც ესპანეთში გაემგზავრებიან და ქალაქ ვიტორიაში გააგრძელებენ სწავლასა და ვარჯიშს. წარმოგიდგენთ მათ მინი-დოსიეებს