სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით სპორტის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა (VIDEO)
24 ოქტომბერს, სუპერლიგის ახალი სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა კლუბების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიმდინარეობისას, გაფორმდა მემორანდუმი „საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრსა” და „სუპერგაზს” შორის. მემორანდუმს ხელი „ოლიმპიური ცენტრის” დირექტორმა
შალვა გოგოლაძემ და „სუპერგაზის” წარმომადგენელმა მიხეილ აბულაძემ მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად, „სუპერგაზი” იღებს ვალდებულებას, რომ 2015 წლის 1 იანვრიდან „კალათბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჩაანაცვლებს ცენტრს, როგორც ‘’ოლიმპის” დამფუძნებელს.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი – საკალათბურთო სუპერლიგა 25 ოქტომბერს დაიწყება. ტურნირში მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს – „სოხუმი”, „ბათუმი-რსუ”, „ქუთაისი 2010″, „რუსთავი”, „დინამო”, „ოლიმპი”. „მგზავრები-არმია” და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდი.
აღნიშნულმა კლუბებმა კალათბურთის ფედერაციაში სუპერლიგაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი ოქტომბრის დასაწყისში შეიტანეს. ოთხმა მათგანმა – „სოხუმმა”, „დინამომ”, „ოლიმპმა” და „რუსთავმა” 22 ოქტომბერს დასრულებულ ტრადიციულ, დუდუ დადიანის მემორიალურ ტურნირშიც მიიღეს მონაწილეობა.
კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე საკალათბურთო გარემო უწინდელთან შედარებით მნიშვნელოვნად იცვლება. ფედერაციის და სამინისტროს მიერ შემუშავებულ კალათბურთის განვითარების პროგრამის ბიუჯეტში კლუბების დაფინანსებაც არის გათვალისწინებული. სუპერლიგის გუნდებს ფინანსური სტაბილურობა პროგრამით მინიმუმ 5 წლის მანძილზე ექნებათ გარანტირებული, რაც ხელს შეუწყობს მათ განვითარებას, კლუბური სისტემის ჩამოყალიბებას და უფრო მომავალზე გათვლილი პროგრამების განხორციელებას.
აღსანიშნავია, რომ სუპერლიგის რამდენიმე კლუბს ახალი სპონსორი გამოუჩნდა და ეტაპობრივად უწყებრივი გუნდების დაფინანსება კერძო ორგანიზაციებზე გადავა. „ოლიმპს” ფინანსურ დახმარებას „სუპერგაზი” გაუწევს, „არმიას” სასტუმროების ქსელი „მგზავრები”, „სოხუმს” საქართველოს რკინიგზა, ხოლო „დინამოს” კვლავ საქართველოს ბანკი, ჯერჯერობით ისევ უწყებრივ დაფინანსებაზე რჩება „შსს”, „ბათუმი-რსუ”, „ქუთაისი 2010″ და „რუსთავი” კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან დაფინანსდებიან.
სუპერლიგის პირველი ტურის ოთხივე მატჩი 25 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ჩემპიონატი რეგიონებშიც გადაინაცვლებს: „ბათუმი”, „ქუთაისი” და „რუსთავი” საშინაო მატჩებს თავიანთ ქალაქებში უმასპინძლებენ, ხოლო თბილისური გუნდები, ტრადიციულად სპორტის სასახლეში ითამაშებენ.
gbf.ge