შარაბიძის “კიორმენდმა” უნგრეთის ჩემპიონატი ოვერტაიმში მარცხით დაიწყო
დასანანი მარცხით გახსნა სეზონი გიორგი შარაბიძის „კიორმენდმა“. უნგრეთის ჩემპიონატის პირველ ტურში კიორმენდელები ქალაქ კეჩკემეტში „დიუნა აზფალტს“ შეხვდნენ და დამატებით დროში, 73:80 წააგეს.
შეხვედრა ტრაგიკულად დაღუპული უნგრელი ძალოსანის – მესი იშტვანის სახელობის დარბაზში გაიმართა. სწორედ ამ არენაზე ითამაშა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, როცა ევრობასკეტის შესარჩევ მატჩში უნგრეთთან 73:74 წააგო. შარაბიძეს დღეს ისევ მოუწია კეჩკემეტში თამაში, თუმცა კლუბ „კიორმენდის“ შემადგენლობაში.
მატჩის ძირითადი დრო 61:61 დასრულდა. დამატებით ხუთწუთეულში მასპინძლებმა მოახერხეს მებრძოლი კიორმენდელების გატეხვა და საბოლოოდ 7 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს.
შარაბიძე სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 14 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 1-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოო ჯამში გიორგიმ 4 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. „კიორმენდში“ საუკეთესო ამერიკელი ვალტერ ლემონი გახდა 17 ქულითა და ამდენივე მოხსნით.
მომდევნო მატჩს კიორმენდელები 18 ოქტომბერს კვლავ სტუმრად, ამჯერად ქალაქ ნირეგიაზში, კლუბ „მარსოსთან“ ჩაატარებენ.
gbf.ge