შენგელიამ ლონდონში ატლანტასთან 2 ქულა და 3 პასი მიითვალა
თორნიკე შენგელიამ ლონდონში ითამაშა, მისმა “ბრუკლინმა” კი “ატლანტა” 127:110 დაამარცხა. მატჩი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ნბა-ს გლობალური პოლიტიკის ფარგლებში ჩატარდა, რაც ამერიკული პროფესიული ლიგის და ზოგადად კალათბურთის მსოფლიოში კიდევ უფრო პოპულარიზაციას ემსახურება.
ლონდონის ცნობილ არენა O2-ში გუნდებმა საჩვენებელი ხასიათის თამაში გააჩაღეს, რაც დაცვაში მარწუხების მოდუნებას გულისხმობდა. შესაბამისად, მატჩიც უხვქულიანი გამოდგა. თანაკონფერენციელი მოწინავე გუნდის ძლევა ბრუკლინელებისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო.
შენგელია ატლანტელების ფარს უტევს
შენგელიამ მატჩის ბოლო 8 წუთი ითამაშა. ქართველი ფორვარდი მოედანზე რომ გამოჩნდა, მისი გუნდი 111:81 იგებდა და შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო. თორნიკემ ატლანტელთა კალათს ერთხელ, ისიც შედეგიანად შეუტია და მატჩი 2 ქულითა და 3 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. სხვა სტატისტიკური მაჩვენებელი შენგელიას არ ჰქონია.
ბრუკლინელებს ჯო ჯონსონმა ულიდერა, რომელმაც შეხვედრა 29 ქულით დაასრულა. ანდრეი ბლეჩმა 20 ქულა მიითვალა, პოლ პირსის ანგარიშზე კი 18 ქულა დაგროვდა. ატლანტელთაგან 18-18 ქულით უსახელო მოთამაშეები – შევლიკ მაკი და მაიკ სკოტი გამოირჩნენ.
“ბრუკლინი” საპლეიოფო ზონაში მაგრდება. შენგელიას გუნდი 16 წაგებითა და 22 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ბრუკლინელები 20 იანვარს, სტუმრად “ნიუ იორკთან” გამართავენ.
gbf.ge