შენგელიას 9 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა სკანდალურ შეხვედრაში
თორნიკე შენგელიას ჩხუბი არავის უნახავს. საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ლაბორაკ კუჩას“ ფორვარდი მოედანზეც და მის გარეთაც პროფესიონალი და ჯენლტმენია, თუმცა როცა ჩხუბი აუტეხეს, ნერვები ვერც შენგელიამ მოთოკა. ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში ვიტორიული გუნდი ბილბაოში თამაშობდა და მატჩის მიწურულს შენგელიასა და ბილბაოელ მარკო ტოდოროვიჩს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რაც ჯგუფურ ჩხუბში გადაიზარდა.
ყველაფერი კარგად ჩანს ვიდეო-რგოლზე, რომლის ბმულსაც ტექსტის ბოლოში ნახავთ. აქ კი გეტყვით, რომ ჩვეულებრივ, სათამაშო ეპიზოდში ჩერნოგორიელმა ფორვარდმა შენგელიას ფიზიკურად ეუხეშა და საკადრისი პასუხიც მიიღო. ჩხუბის გამო ორივე კალათბურთელს დისკვალიფიკაცია მისცეს და გამოტოვებენ თუ არა ისინი მომდევნო მატჩებს, დისციპლინარები გადაწყვეტენ. შენგელიამ ინციდენტის ამოწურვის შემდეგ იმ ბავშვს მოეფერა და მოუბოდიშა, რომელიც ჩხუბის ეპიცენტრთან ახლოს იმყოფებოდა და შეშინდა.
შეხვედრას რაც შეეხება, ბილბაოელებმა იოლად მოიგეს – 93:75. ქართველი ლეგიონერი ვიტორიელთაგან საუკეთესო იყო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი – 16 ერთეული შეადგინა. შენგელია სათადარიგო იყო და მოედანზე 20:40 წუთი გაატარა. თორნიკემ 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მთლიანობაში თორნიკემ 9 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
gbf.ge