შენგელიას “ბასკონიამ” მადრიდის “რეალი” დაამარცხა (ვიდეო)
თორნიკე შენგელიას და მისი „ბასკონიას“ დიდი წარმატება. ევროლიგის ეგიდით გამართულ ესპანურ დერბიში, რომელსაც მადრიდმა უმასპინძლა, სავსე ტრიბუნების წინ სამეფო კლუბმა „რეალმა“ და ვიტორიულმა „ბასკონიამ“ ითამაშეს, გამარჯვება ქართველი ფორვარდის გუნდმა მოიპოვა. ბასკურმა კლუბმა 82:78 იმარჯვა, რაშიც შენგელიას როლი უმნიშვნელოვანესია.
“ბასკონია” საწყის ნახევარში 17 ქულითაც კი იგებდა და მართალია, “რეალმა” თამაშის შემოტრიალება და დაწინაურება მოახერხა, მაგრამ ფინალურ წუთებზე უფრო მობილიზებულმა სტუმრებმა იმარჯვეს.
შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 27:05 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 10-დან 5 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შეხვედრის გმირი სტუმართა სლოვენიელი უკანახაზელი იაკა ბლაჟიჩი გახდა, რომელმაც საჭირო ჟამს სამქულიანები ზუსტად სტყორცნა და საბოლოოდ, 21 ქულა მოაგროვა.
ორმაგი დუბლი (18 ქულა, 11 მოხსნა) შეასრულა გერმანელმა ცენტრმა იოჰანეს ვოიგტმანმა, უნგრელმა ფორვარდა ადამ ჰანგამ 12 ქულა მიითვალა, ამერიკელი გამთამაშებელის – შეინ ლარკინის მონაგარი კი 11 ქულა იყო. “რეალში” 10-ქულიან ზღვარს მექსიკელი გუსტავო აიონი (16), სლოვენიელი ლუკა დონჩიჩი (15), ესპანელები სერხიო ლული (13) და ფელიპე რეიესი (11) და ამერიკელი ჯეისი კეროლი (11) ასცდნენ.
ბასკონიელებს 3 ტურის შემდეგ 2 მოგება აქვთ. გასულ ტურში შენგელიას გუნდი კაუნასში „ჟალგირისთან“ დამარცხდა. მომდევნო მატჩს „ბასკონია“ 27 ოქტომბერს, შინ – „ოლიმპიაკოსთან“ გამართავს.
GBF.GE
იხილეთ მიმოხილვა: