შენგელიას ქულები “ჩიკაგოში” და “მილუოკის” ანტირეკორდი
დღეს, გამთენიისას, ოკეანგაღმიდან 1 კარგი და 1 ცუდი ამბავი მოვიდა. ცუდია ის, რომ ზაზა ფაჩულიას გუნდმა “მილუოკიმ” არსებობის 45-წლიან ისტორიაში შედეგიანობის ანტირეკორდი დაამყარა, ხოლო კარგი ამბავი თორნიკე შენგელიას ქულებია. მართალია, “ჩიკაგო ბულსის” ქართველმა ცენტრმა მხოლოდ 2 ქულა მიითვალა, თუმცა იმის ფონზე, რომ თორნიკეს ძალიან იშვიათად უწევს მოედანზე გასვლა, ეს შედეგიც მისასალმებელია.
აქამდე “მილუოკის” ყველაზე ცუდი შედეგი სეზონში წაგებული 62 მატჩი იყო. ფაჩულიას გუნდმა დღეს, გამთენიისას მიმდინარე სეზონის 63-ე მატჩი ტორონტოში “რეპტორსთან” წააგო და ანტირეკორდი დაამყარა. მილუოკელებმა კონფერენციის ერთ-ერთ მოწინავე გუნდთან შეხვედრა ბრძოლაში – 98:102 დათმეს.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 9 წუთი გაატარა. ფაჩულიამ ჯარიმები თავიდანვე დააგროვა და 4 პერსონალურით ის მოედნიდან გაიყვანეს. მის ნაცვლად მატჩში ჩართული ჯონ ჰენსონი ისე კარგად გაისარჯა, რომ მწვრთნელა ქართველი ფორვარდი მოედანზე აღარ დააბრუნა. საბოლოოდ ჰენსონმა 39 წუთი ითამაშა და მილუოკელთგან საუკეთესო იყო 23 ქულით, 9 მოხსნით, 6 პასით და 3 დაფარებით. იმ 9 წუთში, რაც მოედანზე იმყოფებოდა, ფაჩულიამ 1 სროლა ააცილა, 1 პასი გასცა და 1 ბურთი დაკარგა.
შენგელიას რაც შეეხება, მისმა “ჩიკაგომ” “ვაშინგტონი” 96:78 გაანადგურა. შეხვედრის ბოლო 1,50 წუთი დაუთმეს ქართველ ფორვარდს, რომელმაც 2 ორქულიანის განხორციელება მოასწრო, და 1 ჩააგდო. სხვა სტატისტიკური მაჩვენებელი შენგელიას არ ჰქონია.
45 მოგებითა და 32 მარცხით “ჩიკაგო” და “ტორონტო” აღმოსავლეთ კონფერენციაში 3-4 ადგილებს იყოფენ. მომდევნო მატჩი “ჩიკაგოს” 9 აპრილს მინესოტაში ელის.
gbf.ge