შერმადინის 13 ქულამ “სარაგოსას” სან ფერნანდოში ვერ უშველა
ესპანეთის პრიმერადივიზიონის მორიგ ტურში ქართველების გუნდებმა განსხვავებული შედეგიანობით ითამაშეს. გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” წააგო, ბექა ბურჯანაძის “კახასოლმა” კი გამარჯვებას მიაღწია.
ორივე გუნდი სტუმრად თამაშობდა. სარაგოსელებმა სან ფერნანდოში “ლაბორალთან” ითამაშეს და 9 ქულის სხვაობით –83:92 დამარცხდნენ. არაგონული გუნდის ორივე ქართველი სასტარტო ხუთულში იყო, რომლებმაც განსხვავებული შედეგიანობა აჩვენეს.
ვიქტორ სანიკიძემ მოედანზე 13 უშედეგო წუთი გაატარა და 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა, სხვა სტატისტიკური მაჩვენებელი კი არ ჰქონია. სანიკიძემ სანფერნანდოელთა ფარს შორი მანძილიდან 3-ჯერ შეუტია, მაგრამ – უშედეგოდ.
გიორგი შერმადინი სარაგოსელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 15.40 წუთში ქართველმა ცენტრმა 13 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. შერმადინმა 7-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
რაც შეეხება “კახასოლს”, სევილიელებმა ბადალონაში “ხუვენტუდს” 74:65 სძლიეს. ქართველი ფორვარდი მოედანზე 3 წუთით გამოჩნდა და 1 სამქულიანის აცილება მოასწრო. სევილიელებს ჩეხმა ტომაშ სატორანსკიმ ულიდერა, რომელმაც ბადალონელებს 13 ქულა ჩაუგდო.
ორივე “ქართულ” გუნდს 8-8 მოგებ-წაგება აქვს. ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით “სარაგოსა” მე-9 ადგილზეა, “კახასოლი” კი მე-11-ზე. 25 იანვარს “სარაგოსა” “მურსიას” უმასპინძლებს, ხოლო “კახასოლი” 26-ში “ბარსელონას” მიიღებს.