შერმადინის “კანტუმ” ბელგიაში წააგო, თუმცა ევროთასის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა
ევროთასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გიორგი შერმადინის „კანტუმ“ ბელგიაში, „ოსტენდესთან“ 77:83 წააგო, თუმცა მომდევნო ეტაპზე მაინც გავიდა. ამ შეხვედრას პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა მის მოსაგებად იტალიურმა კლუბმა ბოლომდე იბრძოლა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო.
ბოლო მეოთხედის წინ კანტუელები 6 ქულით – 59:53 იგებდნენ, თუმცა გადამწყვეტ პერიოდში მასპინძლებმა თავისი მაინც გაიტანეს და 30:18 მოგებული ათწუთეულის შემდეგ გამარჯვება გაიფორმეს.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 7:24 წუთით გამოჩნდა. მცირე დროში ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 3 ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოხსნა. კანტუელთაგან საუკეთესო შედეგი კი ჯეიმს ფელდეინს ჰქონდა – 16 ქულა.
„კანტუმ“ საბოლოოდ 4 მოგებითა და 6 წაგებით ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა და მეორე ეტაპზე გავიდა, სადაც J ჯგუფში მოხვდა რუსულ „ხიმკისთან“, ბერძნულ პაოკ-თან და ევროლიგის B ჯგუფის მე-6-ადგილოსანთან, რომელიც ან ხორვატიული „ცედევიტა“ იქნება, ან – ბელგიური „ლიმოჟი“.
gbf.ge