შერმადინის “ოლიმპიაკოსმა” და ჰიკმანის “მაკაბიმ” ევროლიგის პლეი ოფი გაინაღდეს
რიკი ჰიკმანის “მაკაბიმ” ევროლიგის პელი ოფში გააღწია. ეს იმ მატჩის მერე გაირკვა, რომელიც ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი კალათბურთელის ებრაულმა გუნდმა გერმანიაში ჩაატარა. თელავიველები მიუნხენში “ბაიერნს” შეხვდნენ და დაძაბურ ბრძოლაში, 94:92დაამარცხეს.
ჰიკმანმა თელავიველთა სასტარტო ხუთულში 24:50 წუთი ითამაშა და 13 ქულა, 3 პასი და 1 მოხსნა მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. მაკაბელთა შორის 14 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო ამერიკელი ალექს ტაიუსი იყო, ხოლო ტაირის რაისმა თელავიველებს 18 ქულა და 5 პასი შესძინა. რაც შეეხებათ მიუნხენელებს, 17 ქულა, 10 პსი და 7 მოხსნა მალკოლმ დილეინმა მიითვალა.
ამ გამარჯვებით “მაკაბიმ” F ჯგუფში მე-3 ადგილი გაინაღდა და უკვე პლეი ოფის მეტოქის ვინაობაც იცის. E ჯგუფში მე-2 ადგილზეა და ასე ჩაამთავრებს რეგულარულ ჩემპიონატს მილანური “ემპორიო არმანი”, რომელიც ჰიკმანის გუნდს ოთხთა ფინალში გამსვლელ საპლეიოფო სერიაში დაუპირისპირდება. სერია 3 გამარჯვებამდე იქნება და მოგებული, როგორც ვთქვით, ოთხთა ფინალში გავა.
პლეი ოფის საგზური გაინაღდა გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსმაც”, რომელმაც ამ ტურის მატჩი დღეს უნდა ითამაშოს. პირეოსელებს ჯგუფიდან გასვლა “უნიკახას” მარცხმა გაუნაღდა. მეოთხე ადგილზე მყოფი “ოლიმპიაკოსი” ურთიერთშეხვედრებში “უნიკახასაც” ჯობნის და “ფებერბაჰჩესაც”, რომლებიც ცხრილში პირეოსელთ შემდეგ, მე-5 და მე-6 ადგილებზე არიან განთავსებულნი.
“ოლიმპიაკოსი” დღეს სტამბოლში “ეფესს” დაუპირისპირდება, მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაი” კი მოსკოვში ცსკა-ს შეხვდება. “გალათასარაი” პლეი ოფი გასასვლელად იბრძვის და კონკურენტად კრასნოდარული “ლოკომოტივი” ჰყავს.
gbf.ge