შერმადინის “ოლიმპიაკოსმა” მადრიდის “რეალთან” სერია გადამწყვეტ მატჩამდე მიიყვანა
გიორგი შერმადინი, რომელსაც ევროლიგა აქამდე ორჯერ აქვს მოგებული, მორიგი ოთხთა ფინალის ზღვარზეა. მეოთხედფინალური სერიის საწყისი 2 მატჩის წაგების შემდეგ, პირეოსის “ოლიმპიაკოსმა” ზედიზედ 2 შეხვედრა მოუგო მადრიდის “რეალს” და საქმე მე-5, გადამწყვეტ შერკინებამდე მიიყვანა.
სერიაში 1:2 ჩამორჩენილმა პირეოსელებმა დღეს შესანიშნავად ითამაშეს. თუკი წინა მატჩი ბოლო წამებზე, უდიდესი ბრძოლის შემდეგ მოიგეს, სერიის მე-4 შეხვედრაში “ოლიმპიაკოსი” უფრო დამაჯერებელი იყო და ესპანურ გრანდს ისე მოუგო, წარმატების შანსი არ მიუცია.
მასპინძლებმა განსაკუთრებით კარგად დასკვნის მეოთხედში ითამაშეს, რომლის დაწყებისას მხოლოდ 2 ქულით იგებდნენ. ფარქვეშ სანაქებოდ მოთამაშე ბრაინტ დანსტონს პერიმეტრიდან ხელს ვასილის სპანულისი აშველებდა. ამ 2 კალათბურთელის მეოხებით “ოლიმპიაკოსმა” ბოლო წუთებზე ისე ითამაშა, მადრიდელებს მასპინძლებთან მიახლოების შანსიც არ ჰქონიათ და საბოლოოდ 62:71დამარცხდნენ.
ქართველმა კალათბურთელმა, რომელმაც წინა შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა, 7:20 წუთი ითამაშა. შერმადინს “რეალის” ფარისთვის თამაშიდან არ შეუტევია, მან 2 ქულა საჯარიმოებით მოიპოვა. სხვა სტატისტიკური მაჩვენებელი ქართველ ცენტრს არ ჰქონია. მატჩის საუკეთესო დანსტონმა, რომელიც გასული ტურის უძვირფასეს მოთამაშედ აღიარეს, ამჯერად 13 ქულა, 9 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. სპანულისის ანგარიშზე 12 ქულა და 7 პასი დაგროვდა.
სერიის მე-5, გადამწყვეტი შეხვედრა, რომლის გამარჯვებულიც ოთხთა ფინალში გავა, 25 აპრილს, მადრიდში გაიმართება. ამ წყვილის გამარჯვებულს ნახევარფინალში “ბარსელონა” ელის.
gbf.ge