შერმადინის შედეგიანი რედებიუტი “ოლიმპიაკოსში”: 12 წუთი, 9 ქულა, 6 მოხსნა
გიორგი შერმადინის რედებიუტი ბერძნულ “ოლიმპიაკოსში” შედეგიანი გამოდგა. ეს თავად მოთამაშესთვის, თორემ პირეოსელებმა დასანანი საშინაო მარცხი იწვნიეს – იტალიურმა “ემპორიო არმანიმ” დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე 2-ქულიანი გამარჯვება მოიპოვა – 88:86.
შერმადინს რაც შეეხება, ქართველი ცენტრი საკმაოდ შედეგიანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გიორგის მხოლოდ 11:52 წუთი დაუთმეს, მან 9 ქულის და 6 მოხსნის მოგროვება მოახერხა. შერმადინმა 2-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. პასი, ჩაჭრა და დაფარება შერმადინს არ ჰქონია და არც ბურთი დაუკარგავს.
ქართველი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15 შეადგინა და ეს შედეგი ოლიმპიაკოსელთაგან მეოთხეა გეორგიოს პრინტეზისის (16 ქულა, 9 მოხსნა), სტრატოს პერპეროღლუს (22 ქულა) და ბრაიან დანსტონის (11 ქულა, 4 დაფარება) შემდეგ.
ევროლიგა ტოპ-16-ის ეტაპზეა, სადაც 16 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული და პლეი ოფის 8 საგზურისთვის იბრძვის. თითო ჯგუფიდან მეოთხედფინალში 4-4 საუკეთესო გავა. სულ გასამართია 14 ტური, “ოლიმპიაკოსი” კი 4 მოგებით და 5 მარცხით მე-5 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 13 მარტს, პირეოსელები ჯგუფის ლიდერ “ბარსელობას” კატალონიაში შეხვდებიან.
gbf.ge