შერმადინის შედეგიანობამ სარაგოსას ბერლინში ვერ უშველა
არაგონულმა “სარაგოსამ” დასანანი მარცხი იწვნია ბერლინში, “ალბასთან”. ქართველი კალათბურთელებით გაძლიერებული ესპანური გუნდი გერმანიის დედაქალაქში ევროთასის მეორე ტურის მატჩის სათამაშოდ ჩავიდა და შეხვედრა68:71 დათმო.
პირველ ტურში სარაგოსელებმა ბელგიური “მონსი” დაამარცხეს, მეორე გამარჯვებამდე კი წუხელ ცოტა დააკლდათ. პირველი პერიოდი არაგონელებმა 21:15 მოიგეს, ბოლო მეოთხედის წინ კი 57:55 ლიდერობდნენ. მასპინძლებმა გადამწყვეტ მომენტში მეტი მობილიზება გამოავლინეს, რაც საკუთარი გულშემატკივრის მხარდაჭერითაც იყო განპირობებული და საბოლოოდ შეხვედრა “ალბას” 3-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა.
სასტარტო ხუთეულში იყო და სარაგოსელთაგან ყველაზე მაღალი შედეგიანობა აჩვენა გიორგი შერმადინმა, რომელმაც მოედანზე გატარებულ 26 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. გიორგიმ 8-დან 4 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.
სასტარტოში არ ყოფილა, თუცა 25 წუთი ითამაშა ვიქტორ სანიკიძემ, რომელსაც სროლები არ წაუვიდა. ქართველმა ფორვარდმა 6-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამივე სამქულიანი კი ააცილა. სანიკიძემ 2 საჯარიმო ჩააგდო და მთლიანობაშ 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და ქ დაფარება მიითვალა. გამარჯვებულთაგან 15-15 ქულით გამოირჩნენრეჯი რედინგი და იონას ვოლფარტი.
მორიგ შეხვედრას სარაგოსელები კვლავ გერმანიაში გამართავენ. 30 ოქტომბერს არაგონული გუნდი ბონში “ტელეკომს” დაუპირისპირდება.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი