შერმადინმა და სანიკიძემ “სარაგოსას” მალაგაში “უნიკახა” დაამარცხებინეს
ევროპის უმეტეს ქვეყანაში სათასო მატჩები იმართება, ჩვენი ყურადღებაკი ესპანეთშია კონცენტრირებული, სადაც გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსა” ასპარეზობს. ქართველების დიდი დამსახურებით სარაგოსელებმა სენსაცია მოახდინეს და ქალაქში, სადაც ქვეყნის 8 საუკეთესო გუნდი თასის გასათამაშებლად შეიკრიბა, მასპინძლები დაამარცხეს.
“სარაგოსა” საუკეთესო 8 გუნდში რომ მოხვდა, ეს უკვე წარმატებაა, თუმცა არაგონული კლუბი მიღწეულზე არ შეჩერდა და მეოთხედფინალში ტურნირის მასპინძელი “უნიკახა” 79:74 დაამარცხა. დარბაზი სავსე იყო მალაგელი ფანებით, რომლებმაც ნაცვლად თავიანთი გუნდის ნახევარფინალში გასვლისა, სარაგოსელების შთამბეჭდავი თამაში და წარმტება იხილეს.
ამ გამარჯვების სულისჩამდგმელნი თანაგუნდელებთან ერთად შერმადინი და სანიკიძე არიან. ქართველმა ლეგიონერებმა უდიდესი შრომა გასწიეს და მათი მონდომებით “სარაგოსამ” საამაყო გამარჯვება მოიპოვა – დაამარცხა გუნდი, რომელსაც სიტყვა არათუ ესპანურ პრიმერადივიზიონში, არამედ ევროლიგაში ეთქმის.
ორივე ქართველი სასტარტო ხუთეულში იყო. შერმადინმა 25 წუთი ითამაშა და 15 ქულა ისე მოაგროვა, მხოლოდ 1 სროლა ააცილა. გიორგიმ 8-დან 7 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 15 ქულასთან ერთად შერმადინს 3 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა. ქართელმა ცენტრმა ამერიკელ მაიკლ როლთან (11 ქულა, 6 მოხსნა) ერთად სარაგოსელთა შორის ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი (18) დაიმსახურა.
ამ მაჩვენებელს 1 ერთეულით ჩამორჩა სანიკიძე, რომელმაც მოედანზე 25:43 წუთი გაატარა და 12 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმაც შედეგიანად ესროლა – 5-დან 3 ორქულიანი და 3-დან 2 სამიანი ჩააგდო.
რაც შეეხებათ მასპინძლებს, “უნიკახას” 21 ქულით ამერიკელმა კანერ-მედლიმ ულიდერა, სლოვენიელმა ზორან დრაგიჩმა და ლიტველმა მინდაუგას კუზმინსკასმა მალაგელთათვის 18-18 ქულა გაიღეს.
“სარაგოსა” ნახევარფინალში მორიგ ბობოლას – მადრიდის “რეალს” შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ “გრან კანარია” 83:60 გაანადგურა. ფინალში გასასვლელი შეხვედრა 8 თებერვალს, მალაგაში გაიმართება.
gbf.ge