შერმადინმა და სანიკიძემ სარაგოსას ულებ-ის თასზეც მოაგებინეს
ქართველების „სარაგოსამ“ წარმატებით დაიწყო ევროთასის გათამაშება. ევროლიგის შემდეგ რანგით მეორე ევროტურნირი ვიქტორ სანიკიძის და გიორგი შერმადინის გუნდმა ბელგიურ „მონსთან“ საშინაო მატჩით დაიწყო. სარაგოსელებმა დებიუტში 2:11 ჩამორჩენის შემდეგ თამაში დაალაგეს, მეტოქე მალევე გატეხეს და დამსახურებულ გამარჯვებას მიაღწიეს – 73:56.
ესპანური გუნდის გამარჯვებაში მნისვნელოვანი წილი დაიდეს ქართველებმა. გიოგი შერმადინი სულაც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა – მან ჯონათან ტაბუსთან ერთად მატჩში ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი (20) დაიმსახურა. შერმადინი გახლდათ ერთადერთი, რომელმაც სარაგოსელთა შორის ორმაგი დუბლი შეასრულა.
შერმადინი, ისევე როგორც სანიკიძე, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 25:34 წუთში 10 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
ესპანეთის პირველობაზე ჩატარებული პირველი მატჩის დარად, სანიკიძემ თანაგუნდელთაგან ამჯერადაც ყველაზე მეტი ითამაშა. მოედანზე გატარებულ 27 წუთში მან 8 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. სანიკიძემ 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ვიქტორის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 14 შეადგინა, რაც სერმადინისა და ტაბუს შემდეგ „სარაგოსაში“ მე-3 სედეგი გახლდათ.
ევროთასის D ჯგუფში „სარაგოსა“ „მონსთან“, ფრანგულ „გრაველინთან“, გერმანულ „ალბასთან“, იტალიურ „რომთან’ და გერმანულ „ტელეკომთან“ ერთადაა. მორიგ შეხვედრას სარაგოსელები ბერლინში, 23 ოქტომბერს, გერმანულ „ალბასთან“ ჩაატარებენ.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი