შერმადინმა მადრიდში, სერიის გადამწყვეტ მატჩში არ ითამაშა
ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ „ოლიმპიაკოსს“ ძალა არ ეყო, კიდევ ერთხელ გაეოცებინა საკალათბურთო ევროპა და ოთხთა ფინალში გასულიყო. მადრიდის „რეალმა“ მეოთხედფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი შეხვედრა დიდი მობილიზებით ჩაატარა და ბერძნულ გრანდს ისე სძლია, წარმატების მინიმალური შანსი არ მიუცია.
უკვე მეორედ, პლეი ოფის მატჩებში, გიორგი შერმადინი მოედანზე არ გამოჩენილა. „ოლიმპიაკოსის“ ქართველი ფორვარდი განაცხადში იყო, მაგრამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. საწყისი მეოთხედის 12:18 წაგების შემდეგ პირეოსელები მთელი თამაში ცდილობდნენ ვითარების გამოსწორებას, მაგრამ ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 69:83 წააგეს.
ოთხთა ფინალში გასულ „რეალს“ სერხიო ლულმა ულიდერა, რომელმაც 20 ქულა დააგროვა. 15-15 ქულა მიითვალეს რუდი ფერნანდესმა და ფელიპე რეიესმა. „ოლიმპიაკოსში“ 19 ქულით საუკეთესო ვასილის სპანულისი გახლდათ, მეთიუ ლოიესკიმ კი პირეოსელებს 15 ქულა მიაშველა.
„ოლიმპიაკოსი“ ევროლიგას დაემშვიდობა და ახლა ბრძოლა საბერძნეთის ჩემპიონობის მოსაპოვებლად მოუწევს.
gbf.ge