“შსს აკადემიამ” “ოლიმპი” დაამარცხა
მილე ილიჩის გარეშე მოთამაშე “შსს აკადემიას” “ოლიმპის” დამარცხება არ გასჭირვებია. ლეგიონერის შეცვლა აკაკი ლომოურს მოუწია, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში “ოლიმპის” ლიდერ რიჩარდ მათიაშვილის წინააღმდეგ თამაშობდა და ამ ამოცანას თავი კარგადაც გაართვა.
პირველი მეოთხედი თანაბრად მიმდინარეობდა, თუმცა “შსს”-ს მცირე უპირატესობით დასრულდა 16-11. გადამწყვეტი მომენტი კი, მეორე ნახევრის ბოლოს დადგა, როდესაც ჟღენტის შეგირდები 12 ქულის სხაობით იგებდნენ, რაც პირველ რიგში ბრაუნის და როგავას დამსახურება იყო.
მესამე პერიოდში “ოლიმპელებმა” გაიბრძოლა და სხვაობა 9 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ მეტის გაკეთება თორთლაძის შეგირდებმა ვეღარ მოახერხეს და “აკადემიელები” კვლავ ინარჩუნებდნენ სოლიდურ უპირატესობას, რომელიც მეოთხე პერიოდის ბოლოს 22 ქულიანი სხვაობით დასრულდა
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): კიდევ ერთხელ დავმარცხდით და გუნდში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე სიტუაციაა. რწმენა დაკარგული გვაქვს, თუმცა მე მაინც მჯერა ჩემი მოთამაშეების. ვეცდებით, ნელ-ნელა გამოვასწოროთ და პლეიოფებამდე უშუალო კონკურენტებთან მაინც გავიმარჯვოთ. დღეს ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ ,,შსს აკადემია’’ ჩვენზე ძლიერი გუნდია და დავმარცხდით.
არჩილ ჟღენტი(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): შედეგით კმაყოფილი ვარ, რასაც თამაშის ხარისხზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. იყო ეპიზოდები, როცა ძალიან კარგად ვთამაშობდით და იყო მომენტები, როცა ბევრი შეცდომა დავუშვით. თანაც გუნდს მილე ილიჩი აკლდა. მოვემზადებით მომავალი შეხვედრისთვის, რომელსაც ქუთაისში ჩავატარებთ.
ირაკლი გულისაბედაშვილი(,,ოლიმპი’’): თავიდან კარგად დავიწყეთ, თუმცა დაცვაში უამრავი შეცდომა დავუშვით. ელემენტარულ შეცდომები გვქონდა და ამის გამოსწორება ისეთ გუნდთან, როგორიც ,,შსს აკადემიაა’’, საკმაოდ რთულია. შსს ახალგაზრდული, მებრძოლი გუნდია და მათი კარგი თამაში დღესაც გამოჩნდა.
მერაბ მირზიაშვილი(,,შსს აკადემია’’): მობილიზებულად ვითამაშეთ და შედეგი სახეზეა. კარგი დაცვის ხარჯზე მოვიგეთ და მივულოცავ ჩემს გუნდს დღევანდელ გამარჯვებას.