”შსს აკადემიამ” სუპერლიგა ”მგზავრები-არმიის” ძლევით დაიწყო
საკალათბურთო სუპერლიგა დაიწყო. პირველი ტურის ოთხივე მატჩი თბილისის სპორტის სასახლეშია დანიშნული, რომელთაგანაც პირველი შეხვედრა დასრულდა. ეროვნული ჩემპიონატის პირველ მატჩში ერთმანეთს „მგზავრები-არმია“ და „შსს-აკადემია“ შეხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ „შსს-აკადემიას“ გასული 3 სეზონის მანძილზე „არმიაში“მომუშავე კოტე ტუღუში წვრთნის. არმიელებს კი სასტუმროთა ქსელ „მგზავრების“ სახით სპონსორი გამოუჩნდათ და შესაბამისად, სახელწოდებაში აღნიშნული ბრენდი ჩაემატათ.
სეზონის დასაწყისში გუნდებს მომზადების დონე აკლიათ და შეცდომებიც ამითაა განპირობებული. ორმხრივი შეცდომებით მიმდინარე შეხვედრაში აკადემიელებმა იძალეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ „მგზავრები-არმია“ პირველ ნახევარში მეტოქეს არაფერს უთმობდა.
მესამე პერიოდში „შსს-აკადემიის“ უპირატესობა გამოიკვეთა. რეზო როგავა, ბექა წივწივაძის და ლევან ფაცაციას ძალისხმევით აკადემიელებმა აღნიშნული მეოთხედი 24:16 მოიგეს და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 63:49 დაწინაურდნენ. ფარქვეშ კარგად ირჯებოდა შსს-ს ფორვარდი იოსებ ბიბილური, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 12 ქულა, 9 მოხსნა მიითვალა.
საბოლოოდ „შსს-აკადემიამ“ 82:71 იმარჯვა და სუპერლიგაში პირველი გამარჯვება ჩაიწერა. აკადემიელებს რეზო როგავამ ულიდერა 21 ქულითა და 6 პასით. 15 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი მიითვალა ლევან ფაცაციამ, წივწივაძის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. „მგზავრებში“ 23 ქულით საუკეთესო მერაბ ბოქოლიშვილი იყო, ხოლო დავით მაისურაძის ანგარიშზე ორმაგი დუბლი – 11 ქულა და 10 მოხნა დაგროვდა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ბუბა ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, ყველას ვულოცავ სეზონის დაწყებას. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, დრო არ გვქონდა სათანადოდ მოსამზადებლად, ფორმაში შესასვლელად და ეს დღეს კარგად გამოჩნდა. ვეცდებით მომავალში გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები. ,,შსს აკადემიას’’ კი დამსახურებულ გამარჯვებას მივულოცავ.
კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): მეც შევუერთდები მილოცვას. ჩვენმა გუნდებმა ყველაზე ბოლოს დავიწყეთ შეკრება და დაკომპლექტება, ყველაზე მეტი პრობლემა გვქონდა და ეს თამაშზეც აისახა. სასიხარულოა, რომ პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ, ჩემთვის არ იყო მარტივი მათ წინააღმდეგ თამაში, ამ გუნდში არაერთი სასიამოვო და კარგი წელი მაქვს გატარებული. პირადად ბუბას და მთელ გუნდს ვუსურვებ წარმატებებს, ახალგაზრდული, კარგი გუნდია, მჯერა, რომ ბევრის მიღწევა შეუძლიათ და სეზონსაც წარმატებით გამოიყენებენ.
მერაბ ბოქოლიშვილი(,,მგზავრები-არმია’’): პირველ რიგში, მივულოცავ ,,შსს აკადემიას’’ გამარჯვებას. ჩვენი გუნდისთვის პირველი თამაში იყო, მოთამაშეების უმეტესობას ერთად არასდროს გვითამაშია, ზოგი სუპერლიგაშიც პირველად ასპარეზობს, თან ორი კვირაც არ არის, რაც ვარჯიში დავიწყეთ. ამიტომ ველოდებოდით შეცდომებს, სეზონი ახლა დაიწყო, გავაანალიზებთ ჩვენს ხარვეზებს და მოვუმატებთ. მარტივი თამაში ჩვენთან არც ერთ გუნდს არ ექნება.
ბექა წივწივაძე(,,შსს აკადემია’’): მეც გილოცავთ ყველას ახალი სეზონის დაწყებას. როგორც კოტემ აღნიშნა, სულ რაღაც ერთი კვირაა, რაც ორივე გუნდი შეიკრიბა და ყველაზე მეტი პრობლემები ჩვენ გქვონდა. ამიტომ, სასურველი ფორმისგან ჯერ შორს ვართ. შევეცდებით, ყოველი ვარჯიში მაქსიმალურად გამოვიყენოთ, დღითიდღე მოვუმატოთ ხარისხს და კარგი თამაში ვაჩვენოთ.
superleague.ge