შსს-მ ნახევარფინალისკენ გაიხედა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდმა მეოთხედფინალის მესამე მატჩი 103:77 მოუგო „სოხუმს“ და სერიაში 2:1 დაწინაურდა.
მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ თანაბარ და უკომპრომის ბრძოლაში წარიმართა, თუმცა შესვენების შემდეგ კოტე ტუღუშის შეგირდებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს, რაც გამარჯვების საწინდარიც გახდა.
შსს-მ განსაკუთრებით კარგად მესამე მეოთხედში ითამაშა, რომელიც 38-18 მოიგო, რის შემდეგაც სოხუმელებმა დაშვებული შეცდომების გამოსწორება ვეღარ მოახერხეს.
„შსს-აკადემიაში“ 22 ქულით საუკეთესო იყო გიორგი შარაბიძე, 17 ქულა მიითვალა ბექა წივწივაძემ, ხოლო ნიკა მეტრეველის ანგარიშზე 16 ქულა და 14 მოხსნა დაგროვდა. სოხუმელთაგან 17 ქულით და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა გიორგი ჯგერენაიამ, 16 ქულით დაასრულა მატჩი გრიგოლ შვანგირაძემ.
სერიის მე-4 მატჩი, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტის აღმოჩნდეს, ხვალ, 9 მაისს, სპორტის სასახლეში 14:00 საათზე გაიმართება.