„სოხუმმა“ ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში მეორედ გაათანაბრა
თბილისის „ახალ სპორტის სასახლეში“ „სოხუმსა“ და „ქუთაისს“ შორის სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის მეოთხე მატჩი შედგა, რომელიც სოხუმელთა გამარჯვებით, 82:77 დასრულდა.
პირველი მეოთხედი „სოხუმმა“ 22:19 მოიგო. მეორე მეოთხედში ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა უპირატესობა 12 ქულით გაზარდა და დიდი შესვენების წინ კომფორტული 15-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობდა (51:36). ამ პერიოდში „სოხუმის“ მხრიდან 15 ქულით, 2 მოხსნითა და 2 პასით ანდრე სმიტი იყო. „ქუთაისიდან“ 9 ქულითა და 1 მოხსნით გოგა ცეკვავა გამოირჩა.
შესვენების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და მეტოქის ფარში 21 ქულა ჩააგდეს, მაშინ, როდესაც 15 მიიღეს. ტუღუშის გუნდმა აქტიურად თამაში ბოლო ათ წუთშიც გააგრძელა, მატჩის დასრულებამდე 11 წამით ადრე კი „სოხუმის“ ჰანდიკაპი მხოლოდ სამ ქულას შეადგენდა (80:77), თუმცა იმერლებმა შანსი ვერ გამოიყენეს, რის შემდეგაც ჯარიმის აღება მოუწიათ. მატჩის დასრულებამდე 6 წამით ადრე გივი ბაქრაძემ ორივე საჯარიმო სროლა გამოიყენა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 82:77 დააფიქსირა.
ისევე, როგორც შესვენების წინ, „სოხუმის“ რიგებიდან სტატისტიკურად საუკეთესი ანდრე სმიტი იყო. მატჩის ბოლოს მისმა მონაგარმა 24 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი შეადგინა. 17 ქულით, 7 მოხსნითა და 1 პასით მისი თანაგუნდელი სერგო ათუაშვილი გამოირჩა. „ქუთაისს“ 22 ქულით 2 მოხსნითა და 1 პასით გოგა ცეკვავამ ულიდერა, 9-9 ქულა ზაურ ფაშაევმა და ბექა ბექაურმა მიითვალეს, ამ უკანასკვნელმა მატჩში ორივე გუნდის მხრიდან თავის ანგარიშზე ყველაზე მეტი მოხსნა (12) ჩაიწერა.
ამრიგადსერიის გამარჯვებულის ბედი ქუთაისში ჩასატარებელ მატჩში გაირკვევა.
„სოხუმი“ – „ქუთაისი“ 82:77 (22:19, 29:17, 15:21, 16:20)
ანგარიში სერიაში: 2:2
მატჩის სრული სტატისტიკა