სოხუმმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
თბილისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის მეხუთე ტურის მატჩში ერთმანეთს “მგზავრები-არმია” და “სოხუმი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საკმაოდ თანაბარი და დაძაბული გამოდგა.
სოხუმელებმა მცირე უპირატესობის მოპოვება პირველ მეოთხედში შეძლეს, რომელიც მეორეში შეინარჩუნეს და დიდ შესვენებაზე ლიდერის როლში გავიდნენ. თამაშის სცენარი არც მესამე პერიოდში შეცვლილა, თუმცა გარდამტეხი პერიოდის ბოლო წამზე ბააკაშვილის მიერ ჩაგდებული 3-ქულიანი გამოდგა. სოხუმელთა მიერ მოპოვებული ფსიქოლოგიური უპირატესობა დასკვნით პერიოდში ტაბლოზეც აისახა. საბოლოოდ კვარაცხელიას გუნდმა თამაში დამაჯერებელი ანგარიშით (68:82) დაასრულა და სეზონის პირველი გამარჯვებაც იზეიმა.
“სოხუმის” შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი 25 ქულით ირაკლი ჩლაიძე იყო, ხოლო არმიას 20 ქულით ბოქოლიშვილმა ულიდერა.
მატჩის შემდეგ
ბუბა ბერიშვილი (მგზავრები-არმია):“ვულოცავ მოწინააღმდეგეს ღირსეულ გამარჯვებას. დაცვაში კარგად ვითამაშეთ, თუმცა შეტევაში ბევრი პრობლემა გვქონდა. ფარიც წავაგეთ. პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ.”
მერაბ ბოქოლიშვილი (მგაზავრები-არმია): “ვულოცავ მეტქოეს. ძიირითადად თამაში თანაბრად მიმდინარეობდა, თუმცა ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც საბოლოო შედეგზე აისახა”
ვაჟა კვარაცხელია (სოხუმი): “არმია მშვენიერი ახალგაზრდული გუნდია. გამარჯვება გამოცდილების ხარჯზე მოვიგეთ. ვულოცავ ბიჭებს ამ ჰაერივით საჭირო მოგებას.”
დავით დეკანოიძე (სოხუმი) “მთელი კვირა ვემზადეობდით და საბოლოოდ დასახულ მიზანს მივაღწიეთ. მძიმე სტარტის შემდეგ ეს აუცილებელი იყო.”
მარიამ ნიშნიანიძის ფოტეობი