სუპერლიგის განცხადება
საკალათბურთო კლუბმა “სოხუმმა” სუპერლიგის მეორე წრის მე-5 ტურში უარი თქვა “ბათუმთან” თამაშზე, რაც გუნდში არსებული რთული ფინანსური ვითარებით ახსნა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკალთბურთო სუპერლიგა უფლებამოსილია, განაცხადოს შემდეგი:
– სუპერლიგის ხელმძღვანელობა ბოდიშს უხდის საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს აშუქებს და აღნიშნული მატჩის პირდაპირი ტრანსლაციაც დაგეგმილი ჰქონდა. ასევე ბოდიშს ვუხდით ყველა გულშემატკივარს, რომელიც სპორტის სასახლეში “სოხუმისა” და “ბათუმის” მატჩის სანახავად მოვიდა. სუპერლიგის ხელმძღვანელობა წუხს, კლუბ “სოხუმში” შექმნილი ვითარებით, მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში მოქმედებს საქართელოს ეროვნული ჩემპიონატის დებულებით, რომლის თანახმადაც კლუბს თამაშზე არგასვლის გამო ეთვლება ტექნიკური წაგება (0:20) და ჯარიმდება 3500 ლარით. აღნიშნული დარღვევის გამეორების შემთხვევაში გუნდს მიეცემა დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე და დაჯარიმდება 7000 ლარით.
– საკალათბურთო სუპერლიგა და ფედერაცია გვერდში უდგას “სოხუმს” ყველა მისთვის მინიჭებული საშუალებით. დღევანდელ საგანგებო პრესკონფერენციაზე გაჟღერდა, რომ ფედერაციამ ფინანსური დახმარება გაუწიოს “სოხუმს”. თავს ვალდებულად ვთვლით, განვმარტოთ, რომ ფედერაციას კლუბების ფინანსური დახმარების არანაირი უფლება არ აქვს. ჩვენის მხრივ ვაცხადებთ, რომ საკალათურთო კლუბ “სოხუმს” სუპერლიგისა და სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატებში სამონაწილეო თანხის სახით საკმაოდ სოლიდური დავალიანება გააჩნია, რომლის დაფარვასაც კლუბს არ ვაჩქარებთ ფინანსური პრობლემების მოგვარებამდე და შესაბამისად “სოხუმის” არც ერთ გუნდს საქართელოს პირველობებზე ასპარეზობისას ორგანიზატორებისგან არანაირი წინააღმდეგობა არ შექმნია.სუპერლიგა დაინტერესებულია, რომ კლუბმა “სოხუმმა” მოაგვაროს ფინანსური პრობლემები და მას ამაში შესაძლებლობის ფარგლებში ყველანაირად დაეხმარება.
superleague.ge