სუპერლიგის მე-17 ტური „რუსთავის“ ქუთაისური მოგებით დაიწყო
დასრულდა საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მე-17 ტურის პირველი მატჩი, რომელშიც „ქუთაისმა“ „ქუთაისის სპორტის სასახლეში“ „რუსთავი“ მიიღო და ანგარიშით 61:73 დამარცხდა.
პირველი მეოთხედი სტუმრებმა 6 ქულით, 11:17 მოიგეს. მეორე მეოთხედში „ქუთაისმა“ სხვაობა მხოლოდ 1 ქულით შეამცირა. მესამე მეოთხედში „რუსთავმა“ უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა და გადამწყვეტი 10-წუტიანი პერიოდის წინ 43:54 იგებდა. საბოლოოდ, ბოლო მეთოხედში სხვაობა კიდევ 1 ქულით გაიზარდა და რუსთაველებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და მინიმუმ ხვალამდე მე-6 ადგილზე მყოფ „ოლიმპს“ გაუთანაბრდნენ, რომელსაც ცხრილის ლიდერ „ბათუმთან“ მატჩი ელის.
რაც შეეხება „ქუთაისს“ ტუღუშის გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. წინა ტურში, ასევე სახლში, იმერლები ბოლოადგილოსან „აკადემიასთან“ დამარცხდნენ. ამის მიუხედავად, გუნდი ჯერჯერობით მეორე პოზიციაზეა, მაგრამ „დინამოს“ „მგზავრებთან“ გამარჯვების შემთხვევაში, მესამე ადგილზე გადაინაცვლებს.
„რუსთავს“ შემდეგ ტურში მორიგი გასვლითი შეხვედრა ელის, რომელშიც „ბათუმს“ ესტუმრება, „ქუთაისი“ კი თბილისში „სოხუმს“ დაუპირისპირდება.
საუკეთესო „რუსთავის“ მხრიდან და ზოგადად მატჩში 24 ქულით, 2 მოხსნითა და 7 პასით გიორგი გამყრელიძე იყო. „ქუთაისიდან“ 14-14 ქულით გიორგი ცეკვავა და ივან მიკულიჩი გამოირჩნენ, თუმცა ლეგიონერმა ასევე 5 პასი და 5 მოხსნა მიითვალა, ცეკვავას ანგარიშზე კი მხოლოდ 1 მოხსნაა.
„ქუთაისი“ – „რუსთავი“ 61:73 (11:17, 13:12, 19:25, 18:19)