სუპერლიგის მეორე ტური დასრულდა
დღეს, სპორტკომპლექს “არენაში” სუპერლიგის მეორე ტურის დასკვნითი ორი შეხვედრა შედგა. პირველები მოედანზე “სოხუმის” და “ოლიმპის” კალათბურთელები გავიდნენ. შეხვედრა კაზანჯიანის გუნდის უპირატესობით დაიწყო და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. თბილისელებმა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს უპირატესობა, რომელიც მესამე მეოთხედში კიდევ უფრო გაზარდეს და მეტოქეც საბოლოოდ გატეხეს.
“ოლიმპის” შემადგენლობაში ლერი კვანტალიანი (18 ქულა) და გიორგი ალხანაიძე (17 ქულა) გამოირჩეოდნენ, ხოლო მატჩის საუკეთესო ბომბარდირი სოხუმელი ლაშა ფარღალავა გახდა, რომლის ანგარიშზე 27 ქულაა.
ტურის უკანასკნელ შეხვედრაში კი, რომელშიც ერთმანეთს თბილისი “დინამო” და “მგზავრები-არმია” დაუპირისპირდნენ ერთი გუნდის დომინირება აშკარა იყო. მოქმედმა ჩემპიონებმა თამაში აგრესიულად დაიწყო და უპირატესობაც მატჩის დებიუში მოიპოვეს. პირველი ტაიმი დინამოელებმა 46:19 მოიგეს, რის გამოც მეორე ნახევარში მოეშვნენ და შეხვედრაც გათანაბრდა. საბოლოოდ “დინამომ” 89:61 მოიგო.
ორი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს “დინამო”, “რუსთავი” და “ქუთაისი” ლიდერობენ.