იაშვილი ჩაკვეტაძის ტრავმაზე: “სამწუხაროდ, “გენტთან” კომუნიკაციის პრობლემა არის”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ბელგიური “გენტის” ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმასთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც იცით, 19 წლის ქართველი შემტევი უვკე რამდენიმე თვეა ტრავმის გამო ვერ თამაშობს. მართალია, გუშინდელი მატჩისათვის ის “გენტის” განაცხადში შეიყვანეს, თუმცა საბოლოოდ, გიორგი სათადარიგოთა სკამზეც კი არ ყოფილა. ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებს უახლოეს ორ მატჩში ვერ დაეხმარება.

ალექსანდრე იაშვილმა 17 მარტს, ტელეკომპანია ტელეკომპანია იმედში, გადაცემა “სპორტი იმედზეს” ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას “გენტთან” კომუნიკაციის პრობლემა აქვს.

“სამწუხაროდ, კომუნიკაციის პრობლემა არის. ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა ფეხბურთელს ტრავმა აქვს, წესით, მასზე ნაკრების ექიმს ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. ახლაც, უბრალო მაგალითი რომ ავიღოთ – სამწუხაროდ, ლაშა დვალმა ტრავმა მიიღო და მისი კლუბის ექიმებმა პირდაპირ დასკვნა გამოაგზავნეს, ამის შემდეგ იოლია კომუნიკაცია. სამწუხაროდ, ბელგიელებთან ეს გვიჭირს, რადგან პასუხები გვიან მოდის და სულ გვჭირდება შეხსენება. ექიმსაც კომუნიკაცია უჭირს. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა ბელგიელებთან გვაქვს.

“გენტის” ხელმძღვანელობასთან ხშირად გვქონდა საუბარი, რომ ეს პრობლემა გამოსწორებულიყო, მაგრამ ჯერ-ჯერობით ისე არ არის, როგორც საჭიროა. გიორგის ტრავმა ძალიან სამწუხაროა, ის ახალგაზრდა ფეხბურთელია და ახლა იწყებს კარიერას. ვიმედოვნებთ, ყველაფერი მალე გაირკვევა. სამი თვეა, ეს ყველაფერი იწელება და წინსვლა არ არის. მთავარია, თვითონ ჩამოყალიბდნენ, საჭიროა თუ არა ოპერაცია”, – განაცხადა იაშვილმა.

ჩაკვეტაძე, ასენსიო, ბეილი – უეფამ ერთა ლიგის საუკეთესო გოლები დაასახელა (ვიდეო)

უეფამ ერთა ლიგის საწყისი ორი ტურის ათი საუკეთესო გოლი დაასახელა. როგორც მოსალოდნელი იყო, საუკეთესოებს შორის მოხვდა გიორგი ჩაკვეტაძის მიერ ყაზახეთის ნაკრების კარში გატანილი გოლი.

გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც უეფას ოფიციალურმა არხმა გამოაქვეყნა:

“გენტმა” “ბრიუგეც” დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგას უფრო მიუახლოვდა – ჩაკვეტაძე მეორე ტაიმში შემოვიდა

გუშინ ბელგიის საუკეთესო ექვს გუნდს შორის მორიგი საპლეიოფო მატჩები შეგდა. მეორე ტურში “გენტმა” “ბრიუგე” მიიღო და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ერთადერთი გატანილი ბურთის ავტორი სამუელ კანუ ოჯიმი გახდა. 20 წლის ნიგერიელმა მეორე წუთზე შეაგდო.

საგულისხმოა, რომ 63-ე წუთზე გამარჯვებული გუნდის რიგებში ქართველი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე შემოვიდა. მან ანდერსონ ესიტი შეცვალა.

ჩაკვეტაძის გუნდს ამჟამად 31 ქულა აქვს და მეორეზეა. ის ლიდერ “ბრიუგეს” ექვსი ქულით ჩამორჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ “გენტი” ჩემპიონთა ლიგის ზონაშია (ამ პოზიციის დაკავების შემთხვევაში, პლეი-ოფში ითამაშებს, თუ პირველზე გავა, ის პირდაპირ მოხვდება ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე). გეტყვით, რომ ქართველის კლუბი მომდევნო ტურის მატჩს ლიეგეს “სტანდარდთან” 14 აპრილს გამართავს.

ჩაკვეტაძე: “დებიუტით კმაყოფილი ვარ”

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები “მიხეილ მესხზე” ლიტვას დაუპირისპირდა და ამხანაგური მატჩი ანგარიშით, 4-0 მოიგო. გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს ჩვენი გუნდის დებიუტანტი, გიორგი ჩაკვეტაძე ესაუბრა. გეტყვით, რომ 18 წლის სპორტსმენმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

“პირველი ტაიმი ჩვენ მიგყვავდა. მომენტები მაქსიმალურად გამოვიყენეთ. მეორე ტაიმთან შედარებით, აქ უფრო კარგად ვითამაშეთ. შემდეგ ნახევარში ცოტა მოვდუნდით: 4-0-ს რომ იგებ, აღარ ფიქრობ გოლის გატანაზე და უფრო ბურთის დაჭერაზე ამახვილებ ყურადღებას. ჩემს გოლზე და, ზოგადად, დებიუტზე იმას ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ. მადლობა, გულშემატკივარს ასეთი მხარდაჭერისთვის,” – აცხადებს ჩაკვეტაძე.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, 22 მარტს 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ღია ვარჯიში გამართა. გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა „პოგონის“ მცველმა ლაშა დვალმა,რომელიც ტრავმირებულ დავით ხოჭოლავას შეცვლის. საწვრთნელი პროცესი კვლავ თბილისში მდებარე ს.კ. „ზესტაფონის“ ბაზაზე წარიმართა. ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული თითოეული ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ამხანაგურ მატჩებში საკუთარი შანსის მოლოდინშია. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ვლადიმირ ვაისმა, ეროვნული ნაკრების დებიუტანთან, 18 წლის გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.

ვლადიმირ ვაისი: „ჩვენი დონის გუნდებისთვის ერთა ლიგა დიდი შანსია. წილისყრის შედეგად ჯგუფში ყაზახეთის, ლატვიისა და ანდორის ნაკრებებთან ერთად მოვხვდით, ჩვენი მიზანი კი, ამ ჯგუფიდან გასვლაა. ეს ყველას საერთო მიზანია, ხელმძღვანელობის, მწვრთნელების, ფეხბურთელებისა და ქართველი გულშემატკივრის.

ძალიან მიხარია, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ჩვენთან ერთადაა. პირველად მისი თამაში 16 წლის ასაკში ვნახე და ორ წელში მან დაუჯერებელი პროგრესი განიცადა. ჩაკვეტაძე მხოლოდ 18 წლისაა და ქართული ფეხბურთის ერთერთი ყველაზე დიდი ტალანტია. რა თქმა უნდა, მე ის გამოვიძახე იმისთვის, რომ ვათამაშო და დავაკვირდე. გიორგი ნაკრებში ვარჯიშით სიამოვნებას იღებს და გამოცდილებას აგროვებს. ვფიქრობ, მისი ნიჭი და საფეხბურთო შესაძლებლობები მას დიდ კარიერას უწინასწარმატყველებს. რაც მთავარია, სწორად აზროვნებს.გუშინ მის მშობლებს ვესაუბრე და გიორგის ჯერ ყველაფერი წინ აქვს. გიორგი ჩაკვეტაძე ლიტვასთან ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ჩვენი დონის გუნდებთან მოგება უნდა ვისწავლოთ. ლიტვა და ესტონეთი რეიტინგში ჩვენზე მაღლა არიან, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ დროებით. ჩვენი მიზანია შემტევი, ხარისხიანი ფეხბურთი ვითამაშოთ. მოგება თუ გვინდა ჭკვიანურად და პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ. ეს ნიშნავს შემტევ ფეხბურთს და კარგ ბალანსს დაცვასა და შეტევაში. შეკრებაზე, მეკარეების გარდა, ოცი ფეხბურთელია. მსურს, შანსი თითქმის ყველას მივცე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისწავლოთ მოგება ფსიქოლოგიური დატვირთვის ქვეშ“.

გიორგი ჩაკვეტაძე: „ოპტიმალური შემადგენლობით შევიკრიბეთ, სამწუხაროდ, ტრავმის გამო დავით ხოჭოლავა დაგვაკლდა. ვფიქრობ, რომ ლიტვისა და ესტონეთის ნაკრებების წინააღმდეგ ორივე თამაში მოსაგები გვაქვს. გამარჯვება ჩვენთვის და ქართველი გულშემატკივრისთვის ძალიან კარგი იქნება. რა თქმა უნდა, ამხანაგური მატჩები ერთა ლიგაში საასპარეზოდ დაგვეხმარება.

რაც შეეხება ჩვენს შანსებს ერთა ლიგაში, გამორჩეული გუნდი არც ერთი არაა და თამაში ყველასთან შეგვიძლია. ჩემი აზრით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ამ ტურნირის ფავორიტია.“

საქართველოს ნაკრების წლის პირველი მეტოქე, თბილისში 21 მარტს ჩამოვიდა, შეხვედრა საქართველოსა და ლიტვას შორის 24 მარტს შედგება. მეორე ამხანაგური მატჩი კი ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ 27 მარტს გაიმართება.

ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19 საათზე დაიწყება, მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

Gff.Ge

ჩაკვეტაძის მშობლები “დინამოს” აკადემიას ესტუმრნენ (ვიდეო)

გუშინ ბელგიური გენტის ფეხბურთელის, დინამოს აკადემიის აღზრდილის გიორგი ჩაკვეტაძის მშობლები – მთვარისა და მერაბ ჩაკვეტაძეები ჩვენს აკადემიას ესტუმრნენ. ხელმძღვანელობასთან საუბრისას მათ აღნიშნეს გიორგის მიერ აკადემიაში გატარებული წლების მნიშვნელობა, ისაუბრეს ფეხბურთელის მიმართს გამოჩენილ ყურადღებაზე, მწვრთნელებისა და პერსონალის პროფესიონალიზმზე. ვიზიტის დასასრულს მადლობა გადაუხადეს დინამოს პრეზიდენტსა და აკადემიის ყველა თანამშრომელს.

Fcdinamo.Ge

ქართული ლეგიონი: ჩაკვეტაძის დებიუტი, კვირკველიასა და მერებაშვილის გამარჯვება

სანაკრებო პაუზამდე დატვირთული საფეხბურთო ვიიქენდი გამოვიდა ქართველი ფეხბურთელებისათვის.

მას შემდეგ, რაც “დინამოს” აკადემიის აღზრდილი გიორგი ჩაკვეტაძე “გენტში” გადავიდა, ძირითადი გუნდის რიგებში პირველად ვიხილეთ. გიორგი მოედანზე 82-ე წუთზე გამოჩნდა, მისი კლუბი კი, “ბრიუგესთან” 2-1 დამარცხდა.

რუსეთის პრემიერ ლიგაში გამართულ მეთორმეტე ტურში “ლოკომოტივმა” “დინამოს” უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა, ამ შეხვედრაში 90 წუთი გაისარჯა ქართველი ფეხბურთელი სოლომონ კვირკველია. ასევე “უფას” სასტარტოში იყო მეორე ქართველი ცენტრალური მცველი ჯიმი ტაბიძე, რომელმაც ასევე, სრული შეხვედრა ჩაატარა. სამწუხაროდ “ანჟის” სათადარიგოთა შორის დარჩა ქართველთა კიპერი გიორგი ლორია, რომელსაც არა და არ ეძლევა თამაშის საშუალება.

პოლონეთის ექსტრაკლასის მეთერთმეტე ტურში მერებაშვილის “პლოკმა” “ტერმალიცას” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა. ქართველმა ათიანმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

ჰოლანდიაში “ვიტესის” შემადგენლობაში იყო გურამ კაშია. არნემელთა კაპიტანმა სრული შეხვედრა ჩაატარა და “უტრეხტთან” ფრედ 1-1 ითამაშა. “ვიტესი” ამ შეხვედრის შემდეგ 14 ქულით მესამე ადგილზეა.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 26 აგვისტო


“ჩელსი” ლორენტესთვის იბრძვის

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გუნდში კიდევ ერთი თავდამსხმელის დამატებას გეგმავენ. Daily Telegraph-ის ცნობით, საქმე ფერნანდო ლორენტეს ტრანსფერს ეხება.

როგორც ცნობილი ხდება, ანტონიო კონტე, რომელიც ლორენტესთან “იუვენტუსში” ყოფნის პერიოდშიც მუშაობდა, 15 მილიონს იხდის ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ.


“ბარსელონას” კოუტინიოსა და დი მარიას ტრანსფერები სურს

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ფრანგი შემტევის, უსმან დემბელეს ტრანსფერის განხორციელების შემდეგ, კატალონიელები ფილიპე კოუტინიოსა და ანხელ დი მარიას ტრანსფერებზე გადაერთვნენ.

Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე აპირებენ სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელებისთვის ბრძოლას.


“მარსელი” ორიჯის ტრანსფერზე მუშაობს

ფრანგული “მარსელის” ხელმძღვანელები “ლივერპულის” ბელგიელი თავდამსხმელის, დივოკ ორიჯის ტრანსფერით არიან დაინტერესებულები. ამ ინფორმაციას Marseille Mercato-ც ადასტურებს.

წყაროს ცნობით, ორიჯი შიშობს, რომ არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს ვერ შეძლებს და მზადაა, 15 მილიონიანი შეთანხმების მთავარი გმირი გახდეს.


მბაპე და ფაბინიო “პსჟ”-ში გადავლენ

“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კარის მოჯახუნებას გეგმავენ – ნეიმარის ტრანსფერის შემდეგ, ფრანგები “მონაკოდან” კილიან მბაპესა და ფაბინიოს წაყვანას გეგმავენ.

როგორც ცნობილი ხდება, ფაბინიოს ტრანსფერის ღირებულება 55 მილიონ ევროს შეადგენს, მბაპეს ფასი კი 150 მილიონ ევრომდე მიდის. ამ ტრანსფერები განხორციელების შემთხვევაში პარიზელთა ზაფხულის დანახარჯი 400 მილიონ ევროს გაცდება.


“ბაიერნსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” გიორგი ჩაკვეტაძის შეძენა სურდათ

თბილისის “დინამოსა” და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ ინტერესს ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის დასრულების შემდეგ არაერთი კლუბი იჩენდა. ბელგიური ვებ-გვერდი voetbalnieuws.be იუწყება, რომ მიუნხენის “ბაიერნმა” 17 წლის შემტევ ნახევარმცველში “დინამოს” 6 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩაკვეტაძე “გენტთან” შეთანხმდა.

ახალგაზრდა მოთამაშე “გენტის” წევრი მაშინ გახდება, როცა მას 18 წელი შეუსრულდება, იქამდე კი ის თბილისელთა რიგებში ითამაშებს.

ბელგიური სააგენტოების ცნობით, ჩაკვეტაძის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ლევერკუზენი” და “ჰოფენჰაიმიც” იჩენდნენ.


U19: საქართველომ შვედეთი დაამარცხა!

დღეს 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურმა აიღო სტარტი.

“მიხეილ მესხზე” ერთმანეთს საქართველოსა და შვედეთის ასაკობრივი ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ჩვენთვის პოზიტიურად დაიწყო. უკვე მე-3 წუთზე თავდამსხმელმა, გიორგი კოხრეიძემ შვედების შეცდომით ისარგებლა, საჯარიმოში ბურთი მიიღო, ერთი მეტოქე მოატყუა და ახლო პოზიციიდან გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. ამის შემდეგ მეტოქე უფრო გააქტიურდა და ცენტრიც დაიკავა, თუმცა ქართველი მცველების კარგი თამაშის გამო მეტოქეები ვერაფერს გახდნენ.

31-ე წუთზე ჩაკვეტაძე გაიჭრა მარცხენა ფლანგზე. მან ერთი მეტოქის მოტყება მოახერხა და მეკარესთან პირისპირ გასულმა კარში დაარტყა. მაღალი ბურთი მისგან მარჯვენა კუთხეში ჩაეშვა და ანგარიში 2:0 გახდა. სულ ცოტა ხანში გიორგი არაბიძე გავიდა ერთი ერთზე, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. საბოლოოდ, პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ნახევარი უკვე ნეგატიურად დაიწყო. 47-ე წუთზე კრალი გაიჭრა მარცხენა ფლანგზე, მან საჯარიმოში მყოფ გიოკერეს დაბალი პასი გაუკეთა, რომელმაც ჩოჩიშვილის კარი აიღო. ამის შემდეგ იყო ჩაკვეტაძის კიდევ ერთი სოლორეიდი, რომელმაც მოედნის ნახევარი გაიატრა, რამდენიმე მეტოქე მოატყუა, თუმცა ბოლოს მისი შეჩერება მაინც შეძლეს.

შვედეთი გააქტიურდა და რამდენიმე რეალური მომენტი შექმნა. 75-ე წუთზე მეტოქემ კუთხური მოაწოდა, ქართველებმა ბურთი გამოიტანეს, რომელიც კარლსონს მიუვიდა და შორიდან უძლიერესად დაარტყა. მეთერთმეტე ნომერმა მიზანს სულ ცოტათი ააცილა.

ამის შემდეგ ორივე გუნდი ცდილობდა გატანას, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. საბოლოოდ ჩვენმა ნაკრებმა ანგარიშით, 2-1 მოიგო და სამი ქულა დაუგროვდა. იგი ჯერჯერობით მესამე ადგილზეა. შვედეთი ნულით ბოლოზეა.

საქართველო: ჩოჩიშვილი, მალი, კობოური, ბურჯანაძე, ლაკვეხელიანი, კუცია, სამურკასოვი ხუბაშვილი 88 წთ.), ქოჩორაშვილი (საღრიშვილი 71 წთ.), ჩაკვეტაძე (არველაძე 86 წთ.), არაბიძე, კოხრეიძე.

შვედეთი: იოჰანსონი, ანდერსონი, კოლი, კრალაი, იშერვუდი, სვენსონი (აჰმედოზიჩი 80 წთ.), იოჰანსონი (ლიდბერგი 46 წთ.), კარლსონი, ჯაჯიჩი, საბოვიჩი (ადრიანი, 32 წთ.), გიოკერესი.

გაფრთხილებები: ქოჩორაშვილი (38 წთ.), სამურკასოვი (64 წთ.), ლაკვეხელიანი (74 წთ.) არველაძე (90 წთ.) – საბოვიჩი (28 წთ.), გიოკერესი (23 წთ.), ლიდბერგი (54 წთ.)